რეკონსტრუირებული სოხუმის აეროპორტიდან ტექნიკური რეისი, რომელიც ივლისის ბოლოს უნდა შესრულებულიყო, დაგეგმილზე ცოტა გვიან შესრულდება, თუმცა აეროპორტი გეგმის მიხედვით, დეკემბერში ამოქმედდება.
ამის შესახებ აფხაზეთის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დე ფაქტო მინისტრ ჯანსუღ ნანბამ განაცხადა, რასაც TASS ავრცელებს.
ტექნიკური რეისის გადადებას ნანბა მშენებლობისთვის საჭირო რესურსების, კერძოდ, ცემენტისა და ქვიშის მიწოდების პრობლემას, ასევე, „რიგ სხვა ობიექტურ მიზეზებს“ უკავშირებს.
„ინვესტორისა და აფხაზური მხარის ურთიერთშეთანხმებით ტექნიკური რეისის შესრულება ოდნავ გადაიდო,“ - აცხადებს ნანბა.
მისი თქმით, სამუშაოები დამტკიცებული განრიგით მიმდინარეობს და ასაფრენი ბილიკი უკვე 80%-ით არის მზად.
„როგორც არ უნდა შეიცვალოს განრიგი ამა თუ იმ მიზეზით, აბსოლუტურად ნათელია, რომ აეროპორტი დეკემბერში ამოქმედდება,“ - ხაზგასმით ამბობს ნანბა.
მისი ცნობით, აფხაზეთ-რუსეთის ე.წ. სამთავრობათაშორისი შეთანხმების შესაბამისად, რუსულმა მხარემ აიღო ვალდებულება, გამოავლინოს ავიაკომპანია, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის პირველ რეისებს შეასრულებს.
„კონკრეტული მიმართულებები ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა აშკარაა, რომ პირველ რიგში ეს რუსეთის დიდი ქალაქები იქნება,“ - ამბობს დე ფაქტო მინისტრი.
ცნობისთვის: ივნისში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმის განახლებული აეროპორტიდან რეისები რუსეთის შვიდ ქალაქში შესრულდება, რაც “პირველივე წლიდან ნაკადს, მინიმუმ, 50%-ით გაზრდის.” მაშინ რუსული მედია ამ ქალაქებს შორის მოსკოვს, სანქტ-პეტერბურგს, ეკატერინბურგს, ნოვოსიბირსკს, ყაზანს, სოჭსა და კრასნოდარს ასახელებდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ