ავიასაწვავზე გლობალური მოთხოვნა პანდემიამდელ დონეს 2025 წელს დაუბრუნდება

ივნისში გლობალური მოთხოვნა საჰაერო გადაყვანებზე, რომელიც კომერციულ სამგზავრო-კილომეტრებით (RPK) იზომება, წლიური თვალსაზრისით 9.1%-ით გაიზარდა. მიზეზად დასვენების საზაფხულო სეზონი სახელდება, რამაც ავიასაწვავზე ფასები გაზარდა.

ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის 31 ივლისისთვის არსებულ მონაცემებში წერია, რასაც S&P Global Commodity Insights თავის აგარიშში ეყრდნობა.

საერთაშორისო მოთხოვნა იმავე პერიოდში წლიური თვალსაზრისით 12.3%-ით გაიზარდა, რაშიც 22.6%-ით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ლიდერობს. მას 16.9%-ით აფრიკა, ხოლო 15.3%-ით ლათინური ამერიკა მოსდევს.

Commodity Insights-ის პროგნოზით, მიმდინარე ზაფხულს ავიასაწვავსა და ნავთზე გლობალური მოთხოვნა 2019 წლის ბოლოდან პირველად დღეში 8 მლნ ბარელს მიაღწევს, ხოლო წლიური საშუალო მაჩვენებელი კორონაპანდემიამდელ დონეს პირველად 2025 წელს დაუბრუნდება. წელს ავიასაწვავსა და ნავთზე მოთხოვნის საშუალო წლიური ზრდა დღეში, დაახლოებით, 550 ათასი ბარელით არის პროგნოზირებული, რაც 2025 წელს 300 ათას ბარელამდე, ძირითადად, დასავლეთ ევროპისა და ჩინეთის გამო შენელდება.

ავიასაწვავზე ფასები ევროპასა და მექსიკის ყურის აშშ-ის სანაპიროზე რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული პიკიდან შემცირდა, თუმცა სტაბილური რჩება და ისტორიულ საშუალო მაჩვენებელს აღემატება, რაც ბარელზე, დაახლოებით, 16 დოლარია. მოელიან, რომ ზამთრის დასაწყისიდან მომავალ წლამდე ავიასაწვავი დიზელზე უფრო ძვირი იქნება.

S&P-ის შეფასებით, რეაქტიულ თვითმფრინავებზე გლობალური მოთხოვნა იზრდება, რადგან ცას მეტი მგზავრი უბრუნდება, ხოლო საზაფხულო ავიამგზავრობა ავიასაწვავის ფასებს პანდემიამდელ დონეს უახლოებს.

„იმის მიუხედავად, რომ რეისებით გაზომილი გლობალური საჰაერო მოგზაურობა პანდემიამდელ დონეს პირველად 2023 წლის შუა რიცხვებში დაუბრუნდა, ავიასაწვავზე მოთხოვნის ტემპი მას ჩამორჩებოდა. წელს რეაქტიულ თვითმფრინავებზე გლობალური მოთხოვნა ჯერჯერობით 2019 წლის დონის, დაახლოებით, 95%-ზე რჩება,” - წერს Commodity Insights.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ