„იატაკქვეშა რძის ორგანიზაცია ზუსტად იგივეა, რაც იატაკქვეშა აფთიაქი. იმიტომ, რომ პირდაპირ გადის ჩვენს ჯანმრთელობაზე,“ - ამის შესახებ ყველის ასოციაციის თავმჯდომარემ ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რძის ასოციაციები, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად შეთანხმდნენ, რომ ბაზარზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ამაში ერთ-ერთი მთავარი როლი კი მომხმარებელმა უნდა შეასრულოს.
როგორც ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ამბობს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც პროდუქტის წარმომავლობა, სუნი, ფერი ან გემოვნური თვისებები არ მოეწონება, ჩივილი არ უნდა მოერიდოს და აუცილებლად სურსათის უვნებლობაში უნდა დარეკოს.
„უკვე 2 თვეზე მეტია, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ. შეიკრიბა რძის სტანდარტთან დაკავშირებული ყველა ასოციაცია - რძის, ყველის, მომხმარებელთა. საკითხი შეეხება რძის ფხვნილს, იყო საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება ვიღაცამ გაბედა და შემოიტანა ირანული რძე, რაც სახელმწიფოს განკარგულებით, დიდი ხანია აკრძალულია.
შევთანხმდით იმაზე, რომ კონტროლი უნდა გამკაცრდეს. თუ არსებობს უამრავი იატაკქვეშა ორგანიზაცია (და დარწმუნებული ვარ, არსებობს), არ აიღებს ლიცენზიას, არც აღიარების კოდი აქვს, მაშინ აგრარული ბაზრების შემოწმება უნდა გამკაცრდეს. იატაკქვეშა რძის ორგანიზაცია ზუსტად იგივეა, რაც იატაკქვეშა აფთიაქი. იმიტომ, რომ პირდაპირ გადის ჩვენს ჯანმრთელობაზე. შეიძლება ადამიანმა პური საერთოდ ამოიღოს კვებიდან, მაგრამ ყველს ვერ ამოიღებ, ჩვენ ვართ ყველდამოკიდებული ქვეყანა და ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, მათ შორის, ორგანიზმში რა ცვლილებები შეიძლება მოახდინოს რძემ და რძის პროდუქტებმა.
როდესაც მეკითხებიან, სად ვიყიდო კარგი ყველი, კარგ ყველს კი არ უნდა მეკითხებოდნენ, არამედ, რამდენად სასარგებლო და უვნებელია. ბაზარზე სულ 3 მოთამაშეა - ფერმერ-მწარმოებელია, მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი, მეორე არის სახელმწიფო რომელმაც კონტროლი უნდა გაუწიოს, პირდაპირ უნდა დასდევდეს და ამოწმებდეს და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი, მომხმარებელთა დიდი არმია. არავინ არის ისეთ სწორი პარტნიორი სახელმწიფოსი, როგორც მომხმარებელი. არ უნდა გვერიდებოდეს არც ჩივილი, როცა პროდუქტის სუნი, ფერი, გემო ეჭვს იწვევს, თუ გარემოში ანტისანიტარიაა, თუ შიშველი ხელებით ეხება (ბაზრებზე მაქვს საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ მსგავსი შესაძლოა დიდ ჰიპერმარკეტებშიც შეგხვდეთ), იმ წუთშივე, ზარი სურსათის უვნებლობაში.
სააგენტო ვალდებულია რამდენიმე წუთში ადგილზე გამოცხადდეს, სინჯი აიღოს, დალუქოს და შეამოწმოს. როცა მომხმარებელი არის ფხიზელი, პრეტენზიული და იცის საკუთარი ჯანმრთელობა სად შეიძლება დაზიანდეს, იმ ქვეყანას პრობლემა არ ექნება. ნებისმიერმა ქვეყანამ სწორედ მომხმარებელთა არმიის წყალობით მიაღწია მაღალ დონეს, თუნდაც, სურსათის უვნებლობის სფეროში,“ - ამბობს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.