„არაკომპეტენტური ადამიანების დასაქმება უნდა შეწყვიტონ - შემთხვევით ადამიანებს უმეტესად ტაქსის კერძო კომპანიები ასაქმებენ“

„არაკომპეტენტური ადამიანების დასაქმება უნდა შეწყვიტონ - შემთხვევით ადამიანებს უმეტესად ტაქსის კერძო კომპანიები ასაქმებენ,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ტაქსების ასოციაციის დირექტორმა ზურა აგლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტაქსის ლიცენზიების გაყიდვა სწორი გადაწყვეტილება იყო, რათა შემთხვევითმა ადამიანებმა ამ მიმართულებით მუშაობა ვერ შეძლონ.

„ლიცენზიების გაყიდვა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან უნდა მოწესრიგდეს ეს სფერო. თუ ამ მიმართულებით აქვს ადამიანს საქმიანობა არჩეული, ლიცენზირებულიც უნდა იყოს, რათა შემთხვევითმა ადამიანებმა ვერ შეძლონ მუშაობა, თუმცა, ასეთი ფაქტებიც ბევრია ჩვენს გარშემო, რაც უმეტესწილად ტაქსის კერძო კომპანიების დამსახურებით ხდება,“ - განაცხადა აგლაძემ.

მისი თქმით, თეთრი ფერის, ლიცენზირებული ტაქსის უპირატესობა სწორედ ისაა, რომ მის საჭესთან არალიცენზირებული მძღოლი ვერ დაჯდება.

„მარტივად რომ ვთქვათ, თეთრი ტაქსი არალიცენზირებული ვერ იქნება. მისი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ მის საჭესთან არალიცენზირებული მძღოლი ვერ დაჯდება, რადგან BUS LINE-ზეც და ისეც, ჯარიმები საკმაოდ დიდია, შესაბამისად არალიცენზირებულად სიარულს და მუშაობას აზრი არ აქვს. მაგრამ ასეთ შემთხვევებს მაინც ვაწყდებით, საბედნიეროდ, არც ისე ხშირად. ეს უკვე ცალკეული კერძო კომპანიების „ბრალია“ და სწორედ მათ უნდა შეწყვიტონ არაკომპეტენტური ადამიანების დასაქმება,“ - განაცხადა ზურა აგლაძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-ივნისში ბიუჯეტში თბილისში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით გადაყვანის ნებართვაზე მოსაკრებლის სახით, 2 631 663 ლარი შევიდა.

რაც შეეხება ტაქსების ნებართვას, თბილისის მერიის ცნობით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, თბილისის მერიისგან უსასყიდლოდ გაიცა A კატეგორიის 35 558 ნებართვა, 2023 წლის პირველი აპრილიდან მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე კი გააქტიურდა 20 264 ნებართვა. რაც შეეხება B კატეგორიას, 2023 წლის პირველი აპრილიდან მიმდინარე წლის 7 აგვისტოს ჩათვლით, გაცემულია 6 861 ნებართვა.

შეგახსენებთ, რომ ტაქსების რეფორმა თბილისში 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო, რა დროიდანაც ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აიკრძალა. 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან კი, რეფორმის შემდეგი ეტაპი ტაქსის ფერს შეეხო და მანათობლების მქონე ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის გახდა. შესაბამისად, თეთრი ფერის ტაქსები A კატეგორიას მიეკუთვნებიან, მანათობლის გარეშე მოძრავი ტაქსები, რომლებიც აპლიკაციის მეშვეობით ემსახურებიან მგზავრებს, B კატეგორიას.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ლი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია მხოლოდ მასზე გაიცემა, ვინც 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას. შედეგად, A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც იქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდა.

ეკა დარჩიაშვილი