„ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება - უცხოელების მხრიდან იშვიათ ჯიშებზე ინტერესია გაზრდილი“ - ინტერვიუ

2024 წლის იანვარ-ივნისში ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი წლიურად 24%-ით გაიზარდა. კერძოდ, წელს საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე 156.07 მლნ დოლარამდე ღირებულების ქართული ღვინოა გატანილი, გასული წლის იმავე პერიოდში კი 125.71 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების.

ქართული ღვინის უდიდესი ნაწილი რუსეთში გადის. მაგალითად, წელს ექვს თვეში რუსეთში 111.12 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინოა გატანილი. რეიტინგში მეორე ადგილზეა პოლონეთი, სადაც ქართული ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 7.83 მლნ დოლარს გადააჭარბა. ამასთან, ღვინის ექსპორტში მესამე ადგილზეა უკრაინა, სადაც საქართველომ 6.09 მლნ დოლარის ღვინო გაყიდა. მეოთხე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც 5.01 მლნ დოლარის ღვინო გავიდა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ხუთეულს კი ბელარუსი ხურავს, სადაც 3.96 მლნ დოლარის ქართული ღვინო გაიყიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა კეთდება ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, როგორ ხორციელდება ბაზრების დივერსიფიკაცია, რა გამოწვევებია ღვინის ხარისხის კუთხით და როგორია გეგმა ქართული ღვინის ექსპორტის გასაზრდელად. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გთავაზობთ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს თამთა ყველაიძესთან ინტერვიუს:

რა კეთდება ბაზრების დივერსიფიკაციისთვის და რომელი ქვეყნებია ღვინის პოპულარიზაციისთვის პრიორიტეტული?

ღვინის ეროვნული სააგენტო მრავალი წელია ახორციელებს ბაზრების დივერსიფიკაციისკენ მიმართულ კამპანიას. შერჩეულია პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრები, მაგალითად, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. ამ ბაზრებზე ყოველწლიურად ტარდება დეგუსტაციები, გამოფენები, ტურები, ვმასპინძლობთ იმპორტიორებს. ვთანამშრომლობთ მსხვილ გამომცემლებთან და სისტემატურად ვათავსებთ როგორც სტატიებს, ასევე ბანერებს. ჩვენი მნიშვნელოვანი ინვესტიციები მიმართულია ექსპორტის ზრდის მხარდასაჭერად, რათა ექსპორტიორებმა შეძლონ ბაზრების დივერსიფიცირება და შემცირდეს კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებულება.

ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, კიდევ რა მიმართულებით იგეგმება საექსპორტო ბაზრების ათვისება?

აქტიურად ვმუშაობთ სხვა ბაზრებზეც, მაგალითად ბენილუქსა და სკანდინავიის ქვეყნებზე. წლის განმავლობაში ამ ბაზრებზე გვაქვს დეგუსტაციები. წელს დავიწყეთ აქტიური მუშაობა კანადის ბაზარზეც. სექტემბერ-ოქტომბერში ჩვენი თანადაფინანსებით ქართული ღვინო წარდგენილი იქნება ბრაზილიაში. ჩატარდება დაახლოებით 6 ღვინის დეგუსტაცია და ქართული ღვინო მიიღებს მონაწილეობას ბრაზილიაში, საერთაშორისო გამოფენაზე.

გვაქვს კამპანიები სხვა საერთაშორისო ბაზრებზეც, რომლებიც შესაძლოა, სამომავლოდ გახდეს ჩვენი საექსპორტო მიმართულება. თავდაპირველად ვსინჯავთ ბაზარი როგორ მუშაობს და როგორ აგყვება. ახლა ვაკვირდებით კანადას. თუ ჩვენმა მარკეტინგულმა კამპანიამ გაამართლა, ექსპორტი განხორციელდა და მოთხოვნაც გაიზარდა, გადავერთვებით ყოველწლიურ კამპანიებზე.

რა ნაბიჯებს დგამს სააგენტო ქართული ღვინის ექსპორტის წასახალისებლად?

ექსპორტის სტიმულირების მიზნით სააგენტო ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მარკეტინგული ხარჯები უფინანსდებათ კომპანიებს. ამ მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ყველა ღვინის მწარმოებელ კომპანიას, რომელსაც აქვს საერთაშორისო ბაზრებზე როგორც ექსპორტი, ასევე დანახარჯი მარკეტინგის კუთხით. თუ კომპანია მარკეტინგში ხარჯავს თანხას და იზრდება მისი ექსპორტი წლიდან წლამდე, შეუძლია, ჩვენგან მიიღოს თანადაფინანსება. შარშან განაცხადი ჰქონდა 30 კომპანიას.

როგორ ხორციელდება შიდა ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია?

ზაფხულის პერიოდი მნიშვნელოვანია ტურისტების მხრივ, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, ვახორციელებთ ორთვიან კამპანიას, რომლის გზავნილიც არის - „აღმოაჩინე საქართველოს ბუნება“ და „საქართველო ღვინის სამშობლო“. კამპანიის მიზანია, რომ საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს საზღვარზევე მივაწოდოთ ინფორმაცია როგორც დაცული ტერიტორიების, ასევე ქართული ღვინის შესახებ, რათა შემოსვლის მომენტშივე გაუჩნდეთ განცდა, რომ სტუმრობენ ღვინის სამშობლოს.

ექსპორტის მიმართულებით როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინის ხარისხი შენარჩუნებული იყოს, ხარისხის გაუმჯობესებისთვის რა კეთდება?

გაზრდილი ექსპორტის პირობებში ხარისხის კონტროლი არის არამარტო ჩვენი, არამედ კერძო სექტორის მთავარი გამოწვევა. იმისთვის, რომ ექსპორტზე არ გავიდეს რაიმე ზადიანი (ღვინის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარე არასასურველი ქიმიური რეაქციებისა და მიკრობიოლოგიური პროცესების შედეგი, რის გამოც უარესდება ღვინის გემოვნური თვისებები) ღვინო, სააგენტო ახორციელებს კონტროლს, რაც გულისხმობს საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის კანონთან შესაბამისობის დადგენას. ხორციელდება საინსპექციო კონტროლი, ექსპორტზე გასასვლელ ღვინოს უტარდება ორგანოლეპტიკური ტესტირება. პროცესში ჩართული არიან საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები და ექსპორტის ზონაში ამოწმებენ საექსპორტო ღვინოს. ვაძლიერებთ ლაბორატორიული მიმართულებასაც. მთავარი მიზანია, რომ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ღვინო. ცნობიერებაც გაიზარდა მეღვინეებსა და მევენახეებს შორის და იშვიათია, რომ საერთაშორისო სტანდარტი ვერ დააკმაყოფილოს რომელიმე კომერციული მიზნით წარმოებულმა ღვინომ.

რომელია ის ქართული ღვინოები, რომლის მიმართაც ინტერესს უცხოელები ყველაზე მეტად იჩენენ და რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობის გადის ექსპორტზე?

ადრე უცხოელები უმეტესად იცნობდნენ რქაწითელსა და საფერავს და მოთხოვნაც ამაზე იყო. ახლა გაიზარდა ცნობიერება, ჩვენც გავაქტიურდით და ვცდილობთ, რომ მათ ჩვენი მრავალფეროვნება ვაჩვენოთ. რომ შევხედოთ ექსპორტის მონაცემებსა და ვენახების გაშენებას, ძალიან გაიზარდა საფერავის ვენახები, ღვინო და იგივე შეიძლება ითქვას, ექსპორტზეც. ძირითად საექსპორტო ღვინოებად რჩება რქაწითელი და საფერავი, თუმცა ძალიან დიდი ინტერესია ქისის, ხიხვისა და ცოლიკაურის მიმართ. აღმოსავლეთ საქართველოში გაიზარდა ჩინურისა და გორული მწვანეს წარმოება, დასავლეთში ჩხავერი, ოჯალეში, ოცხანური საფერეა ძირითადად. ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება, ასევე, უცხოელების მხრიდანაც იზრდება მოთხოვნა იშვიათ ჯიშებზე. თუმცა რომ ავიღოთ ექსპორტი და წარმოება, ძირითადადა მოთხოვნა მოდის შემდეგ ჯიშებზე: საფერავი, რქაწითელი, ხიხვი, ქისი, ცოლიკაური.

მერი ტაბატაძე