მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონი თუშეთში ტურისტების შემცირებული რაოდენობით მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ „ბიზნესპრენიუსთან“ სასტუმრო „თუშეთის“ ერთ-ერთმა მფლობელმა ია ბაშინურიძემ ისაუბრა.
სასტუმრო „თუშეთში“ წელს განსაკუთრებით შემცირებულია უცხოელი ტურისტების რაოდენობა, ადგილობრივების კი მცირედით გაზრდილია. ბაშინურიძის თქმით, საერთო ჯამში წლევანდელი ზაფხული სასტუმროსთვის ნაკლებად შემოსავლიანია.
„წელს წინა წელთან შედარებით, ნაკლები ტურისტია. ამინდებიც წვიმიანია, თუშეთისთვის რთულია ეს იმიტომ, რომ გზა არის ექსტრემალური და საშიში. შეიძლება ესეც მოქმედებს, ახლაც მაგალითად მთელი კვირა წვიმდა. უცხოელი ტურისტის ნაკლებობაა წელს. ქართველები უფრო მოემატა. საერთო ჯამში შემოსავლების მხრივ რომ გითხრათ, ცუდი მდგომარეობაა,“ - აღნიშნა მან.
ბაშინურიძის თქმით, შემცირებულია გერმანელი და პოლონელი ტურისტების ჯგუფური ტურები. ეს კი მაშინ, როცა სასტუმროსთვის ყველაზე მეტი შემოსავლის მომტანი სწორედ ისინი იყვნენ. მანვე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ უცხოელი ტურისტები ახლა გადაადგილდებიან ისეთი ავტომობილებით, რომ არ სჭირდებათ სასტუმროში განთავსება.
„კომპანიები, რომლებიც შემოყვანას უზრუნველყოფდნენ ნაკლებად არიან დატვირთულები და გამომდინარე აქედან, ჩვენ ასე ვართ. ისეთი ჯგუფები, რომლებიც წინა წლებში იყო, აღარ არის. მაგალითად, შემოდიოდა გერმანელი და პოლონელი ტურისტების დიდი ჯგუფები, ახლა აღარ არის, არ ვიცი მიზეზი რა არის. ისინი იყო ძირითადად შემოსავლის შემომტანი და კარგი გადამხდელები.
3-დღიანი ტურები ეწყობოდა, ჩვენთან ქირაობდნენ, ადგილობრივ ხეობებში გასვლითი ტურები ეწყობოდა და სასტუმროები იყო დატვირთული, წელს ასეთი ჯგუფები აღარ არის ან არის ძალიან მცირე. ამჟამად მცირე რაოდენობით არიან ჩეხები, პოლონელები და იშვიათად გერმანელები. რასაც ვაკვირდები, ისეთი მანქანებით მოდიან, რომ არ სჭირდებათ სასტუმრო, ამანაც ძალიან იმატა წელს,“ - განაცხადა მან.
სასტუმრო „თუშეთი“ იმედოვნებს, რომ აგვისტოს მაინც იქნება მათთვის დატვირთული.
„ვნახოთ, რა იქნება, აგვისტოა ხოლმე ძირითადად შვებულებების პერიოდი და იქნებ ეს თვე იყოს დატვირთული, რათა სასტუმრომ ნორმალურად იმუშაოს,“ - თქვა ია ბაშინურიძემ.