"ბიპიმ" წყალდიდობის შედეგებით დაზარალებულთა დასახმარებლად 50 ათასი დოლარი გამოყო

კომპანია "ბიპიმ" თბილისში 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგებით დაზარალებულთა დასახმარებლად 50,000 აშშ დოლარი გამოყო.

"ბიპი"-ს ინფორმაციით, თანხა გადაირიცხება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ანგარიშზე და მოხმარდება სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთათვის დახმარების აღმოჩენას. კომპანიამ ასევე გახსნა სპეციალური ფონდი თანამშრომელთა შემოწირულობისათვის. კომპანია მოახდენს თითოეული თანამშრომლის შემოწირულობის იდენტური თანხის დამატებით გადარიცხვას ფონდში.

"ბიპიმ" სტიქიის შემდგომ გაწმენდით სამუშაოებში ჩართული მოხალისეებისათვის 700 დამცავი ხელთათმანი გადასცა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას. "თანავუგრძნობთ სტიქიით დაზარალებულებს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს კომპანია "ბი პი"-ს სახელით. ვიმედოვნებ, ჩვენი შემოწირულობა წაადგება ქვეყანას წყალდიდობის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოებში", - აცხადებს ბი-პის ხელმძღვანელი საქართველოში ქრის შლიტერი.