წინანდლის ფესტივალის ჯადოსნურ დღეებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ისტორიული მამული კვლავ უმასპინძლებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ფესტივალს, რომელსაც მუსიკის მოყვარულები წლიდან წლამდე მოუთმენლად ელიან.
უკვე მეექვსედ, წინანდლის ფესტივალს, კომპანია სილქნეტი წარადგენს. 31 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიოში სახელგანთქმული შემსრულებლები ეწვევიან საქართველოს და დღის და საღამოს კონცერტებს გამართავენ.
“ახლოვდება ფესტივალის მეექვსე სეზონი და მოხარული ვარ, რომ ყოველ სეზონზე ფესტივალი სულ უფრო წარმატებული ხდება და სულ უფრო მეტ საზოგადოებრივ ინტერესს იძენს. წინანდალი, ჩვენი კულტურული საუნჯე, ფართოდ გახდა ცნობილი კლასიკური მუსიკის მოყვარულთა საერთაშორისო აუდიტორიისთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრს და Europakonzert- ს უმასპინძლა.
წინანდალი ჯადოსნური ადგილია, ვიმედოვნებ, რომ აქ შეიკრიბება სულ უფრო მეტი და მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი, რომ მსოფლიოს წამყვან დირიჟორებთან ერთად წარმოაჩინონ მუსიკის, შემოქმედებითი ერთიანობის და ადამიანური ფასეულობების ძალა.” - გიორგი რამიშვილი, კომპანია სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი.
წინანდლის ფესტივალი წელს ვერდის რექვიემით გაიხსნება. პან კავკასიურ ორკესტრს და თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდს, ცნობილი დირიჟორი, ფესტივალის მუსიკალური დირექტორი ჯანანდრეა ნოზედა უხელმძღვანელებს. საგანგებოდ ამ დღისთვის მოწვეულნი არიან საოპერო მომღერლები: ერიკა გრიმალდი - სოპრანო; აგნეშკა რელისი - მეცო-სოპრანო; ჩარლზ კასტრონოვო - ტენორი; მარკო მიმიკა - ბას-ბარიტონი.
ფესტივალს სახელოვანი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი პან კავკასიურ ორკესტრთან ერთად დახურავს.
“საქართველოს ისტორიაში ყოფილა არაერთი შემთხვევა ისეთი გამორჩეული ადამიანების არსებობისა, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ხელოვანებზე ჩვენს საზღვრებს მიღმა. წინანდლის ფესტივალი ეფუძნება ამ მაღალ შემოქმედებით სტანდარტებს და თამაშობს კულტურული ცენტრის როლს კლასიკური მუსიკის როგორც ამომავალი, ასევე უკვე ვარსკვლავებად აღიარებული შემსრულებლებისთვის, სადაც შეუძლიათ ერთად გამოვიდნენ სცენაზე, ერთად ეზიარონ ახალ რეპერტუარს და ისიამოვნონ იმ ხიბლითა და სტუმართმოყვარეობით, რომლითაც საქართველო ესოდენ ცნობილია.” - დათო საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი.
წინანდლის ფესტივალი 2018 წელს, სილქნეტის ხელშეწყობით დაარსდა და პირველივე წლიდან მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ფესტივალს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ცნობადობის გაზრდის საქმეში და პოპულარიზაციას უწევს მაღალხარისხიან, კლასიკურ მუსიკას.
(R)