2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 697.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.
მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 3 562.1 ათასი შეადგინა, რაც 3.4 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
„საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 360.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა, 49.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.5 პროცენტს შეადგენდა.
2024 წლის მე-2 კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (34 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 229 ათასი და 105.4 ათასი ვიზიტი.
2024 წლის მე-2 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის მე-2 კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6 ღამე) 4.3 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 98.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2024 წლის მე-2 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 594.3 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 15.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით 11.7 პროცენტით გაიზარდა და 1 057.2 ლარი შეადგინა,“- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.