„მაყვლის პირველი მოსავალი ავიღეთ, ახლა ველოდებით მეორე მოსავალს,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ იზოლდა ქიტესაშვილმა განუცხადა.
როგორც ქიტესაშვილი ამბობს, ამჟამად მაყვალი 2 ჰექტარზეა გაშენებული, აღებული მოსავლის მოცულობა კი 12-ტონამდეა. მანვე აღნიშნა, რომ ახალი ნერგების ჩაყრას ამ ეტაპზე არ გეგმავს. რაც შეეხება ფასს, წელს 1 კგ. მაყვალი 5 ლარი ღირს.
„ავიღეთ მაყვლის მოსავალი, ახლა ველოდებით მეორეს. მოსავალი ჯამში 10-12 ტონის ფარგლებში იყო. მოთხოვნა ბაზარზე აქტიურია, ადგილობრივ ბაზარს მოსავლით სრულად ვაკმაყოფილებთ. რეალიზაცია სრულად განხორციელდა. 2 ჰა-ზე გვაქვს გაშენებული და ჯერჯერობით, არ ვაპირებთ მეტი ნერგის დარგვას,“ - განაცხადა ქიტესაშვილმა.
ცნობისთვის, „ბიზნესპრესნიუსი“ წერდა იმის შესახებ, რომ ფერმერების ნაწილმა მაყვლის ბაღები გაჩეხა. დავინტერესდით, ხომ არ დაწყებულა აღდგენის პროცესი. როგორც ჩვენთან საუბარში ქიტესაშვილი აღნიშნავს, ახალი ბაღები აღარ გაშენებულა.
„ახალი ბაღები აღარ გაშენებულა. გაჩეხის მიზეზი არის ის, რომ მოსახლეობას, რომელმაც გააშენა მაყვალი, ეგონა, რომ მოვლა ადვილი იყო. მეორე, ჭარბი პროდუქცია შეიქმნა ბაზარზე და ვერ მოხერხდა მისი ექსპორტზე გატანა,“ - აღნიშნავს იზოლდა ქიტესაშვილი.
ცნობისთვის, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე ახალი ჟოლოს, მაყვლისა და თუთის საექსპორტო და საიმპორტო მონაცემები ერთად ითვლება. ამ მონაცემების მიხედვით, წელს პირველ ნახევარში მაყვლის, თუთისა და ჟოლოს იმპორტმა 7.7 ტონა შეადგინა (5 540 დოლარი), შარშან იმავე პერიოდში კი იმპორტირებულია 3 660 დოლარის 12.2 ტონა პროდუქტი.
რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ექსპორტზე გატანილია 2.7 ტონა (5 240 დოლარის) ქართული მაყვალი, თუთა და ჟოლო, გასულ წელს იმავე პერიოდში კი 1 460 დოლარის 630 კგ.