პირველად 30 წლის შემდეგ - რუსეთი და ჩინეთი შესაძლოა, სანქციების გამო ბარტერულ ვაჭრობაზე გადავიდნენ

რუსეთი და ჩინეთი დასავლეთის სანქციებით გამოწვეული საბანკო გადახდებთან დაკავშირებული პრობლემების გამო შემოდგომიდან ორმხრივ ვაჭრობაში, შესაძლოა, ბარტერზე გადავიდნენ. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბარტერი საერთაშორისო ვაჭრობაში ორ ქვეყანას შორის ფულის გამოყენების გარეშე საქონლის ან მომსახურების პირდაპირი გაცვლაა. ეს შესაძლოა, ტრადიციული ექსპორტისა და იმპორტის სისტემის ალტერნატივად, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში იქცეს, როცა ერთ ქვეყანას უცხოურ ვალუტაზე წვდომა შეზღუდული აქვს ან სადაც სავაჭრო ბარიერები არსებობს.

საბანკო გადახდების დაგვიანების საკითხი პუტინის დღის წესრიგში შედიოდა, როცა ის მაისში ჩინეთს ეწვია. მართალია, მხარეებმა მაშინ პატარა რეგიონული ჩინური ბანკების ჩართვის სახით გამოსავალი იპოვეს, რომელთა აღმოჩენაც ვაშინგტონისთვის შედარებით რთულია, თუმცა, ამის მიუხედავად, გადახდის პრობლემები არ მოხსნილა.

ბარტერული ვაჭრობა მოსკოვსა და პეკინს საშუალებას მისცემს, გვერდი აუარონ პრობლემებს, ორმხრივ ტრანზაქციებზე დასავლური რეგულატორების კონტროლი შეამცირონ და სავალუტო რისკები შეზღუდონ.

რუსული წყაროები, რომლებსაც Reuters-ი ესაუბრა, აცხადებენ, რომ რუსეთი ბარტერული ვაჭრობის წესებს ავითარებს და ვარაუდობენ, რომ ჩინეთიც იგივეს აკეთებს. კერძოდ, ერთ-ერთი მსხვილი რუსული ბანკის ტოპ-მენეჯერმა სააგენტოს ბარტერული სქემის მომზადება დაუდასტურა, თუმცა დეტალების გამჟღავნებაზე უარი განაცხადა. კიდევ ერთი წყაროს ცნობით, რომელიც გადახდების სფეროში საქმიანობს, რუსეთთან კვების პროდუქტებით ბარტერული ვაჭრობა განიხილება. ასევე, წყარო რუსეთის მთავრობაში ამბობს, რომ ბარტერული ვაჭრობა როგორც სანქცირებული, ისე სამოქალაქო საქონლის გადახდებზე არსებული უდიდესი პრობლემებიდან გამოსავალი იქნება. ამჟამად რუსეთის სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ბანკები მეორადი სანქციების შიშით გადახდებს სულ უფრო აჭიანურებენ ან ვერ ახერხებენ.

Reuters-ის შეფასებით, თუ ჩინეთსა და რუსეთს შორის ბარტერი დაიწყება, ეს 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდება. ასეთი სქემები საბანკო სექტორის განვითარების შედეგად მივიწყებულია.

ცნობისთვის: აშშ-ის მიერ სანქციების შემოღების შემდეგ მოსკოვის ბირჟა, ფაქტობრივად, ვალუტის “გადამცვლელ პუნქტად” გადაიქცა, სადაც ერთადერთი ძირითადი ვალუტა ჩინური იუანი გახდა. ამასთან, თხევადი გაზის ჩინელი მყიდველები რუსეთიდან ფასდაკლებას იმ კომპანიებისგანაც კი ითხოვენ, რომლებიც სანქციების სიაში არ არიან შეყვანილი. ასევე, 1 ივლისიდან ჩინეთმა ორმაგი დანიშნულების საქონელზე და იმ პროდუქციაზე ექსპორტის კონტროლი გაამკაცრა, რომელიც შესაძლოა, რუსეთის სამხედრო მრეწველობაში გამოიყენება. ამასთან, 24 ივნისიდან ჩინეთის ბანკის რუსულმა შვილობილმა კომპანიამ ამერიკული სანქციების გამო რუსულ ბანკებთან ყველა ოპერაციები შეაჩერა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ