საქართველოს ეროვნული ნაკრების დაბრუნების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 354 400 ლარი გამოყო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის „2024 წლის 2 ივლისის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომელიც 7 აგვისტოს გამოქვეყნდა.
„საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების EURO 2024-დან დაბრუნების აღსანიშნავად გასამართი ღონისძიებებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 354 400 ლარი,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. დღის ბოლოს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება სახელწოდებით - „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ გაიმართა. რამდენიმე დღეში კი, მთავრობამ ღონისძიების ფინანსური ნაწილიც გაასაჯაროვა. მაშინ განკარგულებაში მითითებული იყო, რომ ღონისძიებებზე 260 000 ლარი დაიხარჯა.