ქართული ღვინის სახეობები, რომელიც უცხოეთში განსაკუთრებით მოთხოვნადია

„ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება და უცხოელების მხრიდანაც ინტერესი გაზრდილია იშვიათ ჯიშებზე,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თამთა ყველაიძემ განაცხადა.

კითხვაზე, რომელი ქართული ღვინოებია ყველაზე პოპულარული უცხოურ ბაზრებზე, ყველაიძე გვპასუხობს, რომ ასეთებია საფერავი, რქაწითელი, ხიხვი, ქისი და ცოლიკაური.

„გვაქვს 525 ყურძნის ჯიში, აქედან 470-მდე დაცულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში - ეს არის მთავარი გზავნილი, რაც გვაქვს ჩვენი ქვეყნის და ღვინის უცხოელებისთვის გაცნობის დროს. სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ იშვიათი ჯიშების სამრეწველო წარმოებაში დაბრუნების მიზნით, სისტემურად ხდება საექსპერიმენტო ღვინოების დაყენება. ბევრი მცირე მარანი და დიდი კომპანია იყენებს მათ საკუთარ წარმოებაში. ადრე უცხოელები ძირითადად იცნობდნენ და მოთხოვნა იყო რქაწითელსა და საფერავზე, ახლა გაიზარდა უფრო ცნობიერება, ჩვენც გავაქტიურდით და ვცდილობთ, რომ უცხოელს ჩვენი მრავალფეროვნება ვაჩვენოთ.

რომ შევხედოთ ექსპორტის მონაცემებსა და კადასტრს, ძალიან გაიზარდა საფერავის ვენახები, ღვინო და იგივე შეიძლება ითქვას მის ექსპორტზე. ძირითადი რჩება რქაწითელი და საფერავი. თუმცა ძალიან დიდი ინტერესია ქისის, ხიხვის მიმართ, აღმოსავლეთ საქართველოში გაიზარდა ჩინურისა და გორული მწვანეს წარმოება, ხოლო დასავლეთში გაზრდილია ჩხავერი, ოჯალეში, ოცხანური საფერე. ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება და უცხოელების მხრიდანაც ინტერესი გაზრდილია იშვიათ ჯიშებზე. თუმცა რომ ავიღოთ მთლიანი ექსპორტი და წარმოება, ძირითადი მოდის იმ ჯიშებზეც, რაც ჩამოვთალე: საფერავი, რქაწითელი, ხიხვი, ქისი, ცოლიკაური,“ - განაცხადა თამთა ყველაიძემ.

მერი ტაბატაძე