„სამუშაო ძალა გაედინება, ნაკლებია სამუშაო ადგილები“ - როგორ უნდა გაუმჯობესდეს ბორჯომის ეკონომიკური მდგომარეობა

„სითი ინსტიტუტ საქართველომ“ ბორჯომის განვითარების ხედვა წარადგინა. დოკუმენტში საუბარია ქალაქში არსებულ განაშენიანებაზე, ტურისტულ მიმართულებაზე, სატრანსპორტო მიმართულებაზე და ა.შ. ამასთანავე, ხედვაში აღნიშნულია, რომ ბორჯომში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა გზები არსებობს ბორჯომში სოციო-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად და ამასთან დაკავშირებით „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ურბანისტს ანდრო ქორთუას ესაუბრა.

მისი თქმით, ბორჯომისთვის გამოწვევას წარმოადგენს სამუშაო ძალის გადინება და სამუშაო ადგილების ნაკლებობა.

„ქალაქს სამუშაო ძალის გადინების პრობლემა აქვს, არის სამუშაო ადგილების ნაკლებობა. იმისთვის, რომ მოქალაქეები დარჩნენ ბორჯომში, გარკვეული ინფრასტრუქტურის წახალისება და პრეცედენტების შექმნაა საჭირო. უნდა წავახალისოთ დისტანციურად მომუშავე სეგმენტი და მსგავსი ტიპის ღონისძიებები გავატაროთ.

სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა გენგეგმას შეუძლია როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად. პროგრამები პირდაპირ გენგეგმის საკითხი არ არის, მაგრამ ამაზე შეგვიძლია რეკომენდაციები გავცეთ. პირდაპირ ღონისძიებებს რაც შეეხება, ეს შეიძლება იყოს კომუნალური ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ყველა უბნისთვის სკოლებსა და ბაღებზე წვდომა ისე, რომ არ იყოს რომელიმე უბანი ამას მოწყვეტილი. განათლების ხარისხზე გენგეგმა პასუხისმგებელი ვერ იქნება, თუმცა იმაზე პასუხისმგებელი იქნება, თუ რომელ უბანს შეიძლება მოაკლდეს რესურსი და სად უნდა დაბალანსდეს.

ბუნებრივია, რომ მწვანე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, ველო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარკვეულ აქტივობებს აჩენს ქალაქში და მსგავსი ღონისძიებებით შეიძლება, რომ პროცესები შენელდეს. მაგრამ, აქ მნიშვნელობა ექნება ქალაქის პოზიციას, რამდენად აქტიურად გამოიყენებს ამ ხელსაწყოებს.

ერთია, რომ კეთდება რაღაც, მაგრამ ამის ცნობიერება ადგილობრივებში, როგორ იქნას გაზიარებული და ბრენდირება როგორ უნდა გაკეთდეს, რომ სწორად აღიქმებოდეს, ეს მთავარი პრობლემაა. ეს უკვე ცალკე კამპანიაა, რომელზეც ქალაქმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს, რათა ახალგაზრდებისთვის საინტერესო იყოს ბორჯომში დარჩენა და მუშაობა.

ახლა მიჩნეულია, რომ თბილისი საუკეთესოა ამისთვის იმიტომ, რომ ყველგან თბილისზე გვხვდება რეკლამები და ყველამ ვიცით, რომ თბილისშია ყველაფერი. ეს ყველა ქალაქს ეხება და ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რათა რესურსი შეინარჩუნოს. რეკლამები მიმართული უნდა იყოს ახალგაზრდების ქალაქში დარჩენისკენ. მხოლოდ ინფრასტრუქტურა ამას არ ეყოფა,“ - განაცხადა ანდრო ქორთუამ.

იხილეთ ასევე:

ბორჯომში ყოფილი სასტუმრო „თბილისის” შენობაში შესაძლოა, „ჰილტონი“ შევიდეს

„მნიშვნელოვანი ზეგავლენა შესაძლოა, ჰქონდეს უნებართვო მშენებლობებს ბორჯომის იერსახის შენარჩუნებაზე“

მერი ტაბატაძე