საქართველოს მთავრობამ მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცა.
შესაბამისი დადგენილება მიმდინარე წლის 1 -ელ აგვისტოს გამოიცა, სადაც დეტალურად არის გაწერილი, ის ძირითადი კრიტერიუმები, რასაც ფერმერები უნდა აკმაყოფილებდნენ. რაც შეეხება ღირებულებას, პროგრამის განხორციელებისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საჭირო დაფინანსების - 2 მლნ ლარის მოძიება. თავის მხრივ კი, ფინანსთა სამინისტროს ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, აღნიშნული პროგრამის დამატება დაევალა.
მეფუტრეთა ასოციაციის დირექტორის, ალეკო პაპავას თქმით, აღნიშნული ინიციატივა კარგია, მაგრამ ის კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს და სახელმწიფო მეფუტკრეებს გვერდში კიდევ უფრო აქტიურად უნდა დაუდგეს.
„ეს პროგრამა ძირითადად არის პირველი ეტაპი, იმისთვის, რომ მეფუტკრეებს დაეხმარონ აღჭურვილობის, კერძოდ კი სკების ჩანაცვლებაში. ზოგადად, ეს კარგია, მოხდება საფუტკრეების გაფართოება, გამსხვილება. პროგრამის ფარგლებში მეფუტკრე უნდა დარეგისტრირდეს სისტემაში და გახდეს ბიზნეს-ოპერატორი, ეს მიკვლევადობისთვის კარგია, მაგრამ აქ არის მეორე საკითხიც - მათ უჩნდებათ სახელმწიფოსთან ვალდებულებები და რამდენად აქვს მას მათი შესრულების შესაძლებლობა, ეს არის მთავარი“ - აღნიშნა პაპავამ.
მისი თქმით, ვალდებულებები განსხვავებულია, გააჩნია მეფუტკრე შპს-ა, ინდმეწარმე თუ მიკრომეწარმე.
„საჭირო იქნება დეკლარაციების შევსება, ბუღალტერიის მართვა, საფუტკრეების ინსპექტირება და ა.შ. წესების შეუსრულებლობის შეთხვევაში, მოქმედებს ჯერ გაფრთხილება და შემდგომ ჯარიმა,“ - აღნიშნავს ასოციაციის დირექტორი.
როგორც ალეკო პაპავა აცხადებს, დროულად და საფუძვლიანად უნდა მოხდეს მათთვის ამ ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
„თაფლი საკვები პროდუქტია და რეალურად მისი შემოწმება და მიკვლევადობა აუცილებელია, მითუმეტეს, ექსპორტზეც გადის. ექსპორტიორების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა მისი შემოწმება. ამიტომ აუცილებელია, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს მომავალშიც და გაფართოვდეს. რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ სკების გარდა მეფუტკრეებს სჭირდებათ სხვადასხვა ინვენტარი და ხელსაწყოები. მათ უნდა შეეძლოთ უვნებელი და ხარისხიანი პროდუქციის მიღება. ანუ მეფუტკრეების მხრიდან უნდა მოხდეს კარგი სანიმუშო პრაქტიკის დამკვიდრება თავიანთ საფუტკრეებში. აუცილებელია საფუტკრე ბაზების შექმნა და თაფლოვანი მცენარეების რესურსის შესწავლა, რათა ყველაფერი შესაბამისად გამოვიყენოთ და პროდუქტიულობა გავზარდოთ,“ - განაცხადა ალეკო პაპავამ „ბიზნესპრესნიუსთან“.