რომს, რომელმაც შარშან ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი მიიღო, აწუხებს სტუმრების აურზაური. ვიზიტორები „საშინელ ქმედებებს“ სჩადიან. ამის შესახებ Mirror-ი წერს.
აღნიშნულია, რომ იტალიის დედაქალაქის მაცხოვრებლები შოკირებული არიან ტურისტების ველური ქცევით და იმუქრებიან, რომ სამუდამოდ დატოვებენ მშობლიურ ქალაქს.
„ევროპის ცხელ წერტილებში, როგორიცაა ბარსელონა და კანარის კუნძულები, გახშირდა პროტესტი ბრიტანელი დამსვენებლების წინააღმდეგ. ადგილობრივი მაცხოვრებლები ქუჩებში გამოდიოდნენ ბანერებით - „წადი სახლში“ და ტურისტებს წყლის პისტოლეტებითაც კი წუწავდნენ. აღშფოთება დიდწილად გამოწვეულია ტურიზმის უარყოფითი გავლენით გარემოზე და ადგილობრივ ეკონომიკაზე, რასაც უცხოური ინვესტორების საკუთრებაში არსებული დასასვენებელი სახლები ამძაფრებს“,- აღნიშნავს გამოცემა.
ამავდროულად, იტალიაში ვითარებამ მიაღწია პიკს, რის გამოც მოსახლეობა იძულებულია ქაოსისგან თავის დაღწევაზე იფიქროს.
კარლო ვერდონე, იტალიელი კინორეჟისორი, შოკირებულია რომში მთვრალი ტურისტების ხილვით, რომლებიც საჯარო ტუალეტების სერიოზული დეფიციტის გამო, ქუჩაში ისაქმებენ. ტურისტების ნაკადის მუდმივ მოძრაობასთან და ნარჩენებთან ერთად, ეს უბიძგებს კარლოსს, რომელიც 1950 წლიდან რომის მაცხოვრებელია, წასვლაზე იფიქროს.
„ამაზე მართლა კვირაში ორ-სამჯერ ვფიქრობ. ნება მომეცით გავიქცე. ასე მხოლოდ მე არ ვარ. ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც კონკრეტულად რომის დატოვებაზე ფიქრობენ. ეს პირველი შემთხვევაა. თუ 20 წუთით მაინც შეხედავთ Ponte Garibaldi-ის ხიდს ან Ponte Sisto-ს, დაინახავთ, რომ ვიღაც შარვალს იხსნის და „სუვენირს“ ტოვებს“,- აღნიშნავს ის.
იგი ამ ქცევას „ნორმალური“ ევროპული დედაქალაქისთვის „სამარცხვინოს“ და „წარმოუდგენელს“ უწოდებს და ხელისუფლებას მეტი საზოგადოებრივი ტუალეტის დამონტაჟებისკენ მოუწოდებს. ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ ამ პრობლემას ებრძვის რომი, რომელსაც გასულ წელს რეკორდული 35 მილიონი ტურისტი ეწვია 2022 წლის 32 მილიონთან შედარებით.