ჯაბა სამუშია: სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის პირველ ეტაპზე 14 მილიონი ლარი გამოიყოფა

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის პირველ ეტაპზე 14 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებს დღეს საკრებულოში განუცხადა.

ჯაბა სამუშიამ კომენტარი გააკეთა საკრებულოს უმცირესობის დეპუტატების განცხადებებზე. სამუშიამ დასძინა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტით გათვალისწინებული 14 მილიონი ლარი, რომელიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება, ეს არის მხოლოდ პირველ ეტაპზე. საკრებულოს დეპუტატის თქმით, დაახლოებით 5 მილიონ ლარზე მეტი უკვე აკუმულირებულია სხვადასხვა ბანკების ანგარიშებზე. მისივე განმარტებით, ეს არის მოსახლეობის მიერ გაკეთებული შემოწირულობები, რომელიც ასევე სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება.

სამუშიას თქმით, აღნიშნული 5 მილიონი ლარი დაგეგმილ საბიუჯეტო ცვლილებაში ასახული არ არის. კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ უახლოეს ხანებში კიდევ შევა ცვლილება თბილისის ბიუჯეტის პროექტში. ჯაბა სამუშიას თქმით, მთავრობის ფონდიდან 250 000 ლარი გამოიყოფა გარდაცვლილთა ოჯახების დასახმარებლად, 200 000 ლარი პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყოფა, რომელიც ასევე სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება.