„გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ათასობით ახალი საწარმო“ - რა კეთდება ქართული ვაზის და ღვინის განვითარებისთვის

„სწორმა დარგობრივმა პოლიტიკამ მეღვინეობა-მევენახეობის დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თამთა ყველაიძემ ვაზისა და ღვინის განვითარებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპსუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში გაშენდა ახალი ვენახები და შეიქმნა ათასობით ახალი საწარმო. ყველაიძის თქმით, ქართული ღვინის ხარისხი გაუმჯობესდა და საექსპორტო არეალი გაფართოვდა.

„სწორმა დარგობრივმა პოლიტიკამ მეღვინეობა-მევენახეობის დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა. ფაქტია, რომ გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ათასობით ახალი საწარმო. გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ქვეყნების არეალი.

დარგის სწორად განვითარების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ბევრი მიმართულებით პროგრამებს, ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა ქართული ვაზისა და კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია, რომლის ფარგლებშიც სისტემატურად ხორციელდება არქეოლოგიური კვლევები.

მაგალითად, ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ტორონტოს უნივერსიტეტის არქეოლოგების მიერ მარნეულის ველზე არსებულ სამ არქეოლოგიურ ძეგლზე აღებულ იქნა ნიმუშები, რათა ჩატარდეს ლაბორატორიული და ინტერდისციპლინარული კვლევები.

ასევე, შარშან დავასრულეთ კადასტრზე მუშაობა და წელს უკვე შედეგები შეჯამდა და მომზადდა კიდეც 2023 წლის ვენახების კადასტრის ანგარიში და ამ კუთხითაც, ვენახების აღწერას სააგენტო სისტემურად ახორციელებს - თუ გაშენდება ახალი ვენახი, მოექცევა კადასტრის ანგარიშში,“ - განაცხადა თამთა ყველაიძემ.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ჩამოყალიბებულია ქართული ღვინის ექსპორტისთვის პრიორიტეტული ბაზრების ნუსხა, ესენია ამერიკა, სამხრეთ კორეა, გერმანია, იაპონია, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვები. გარდა ამ ქვეყნებისა, მიმდინარეობს მუშაობა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისთვის.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-ივნისში ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი წლიურად 24%-ით გაიზარდა. წელს საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე 156.07 მლნ დოლარამდე ღირებულების ქართული ღვინოა გატანილი, გასული წლის იმავე პერიოდში კი 125.71 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების.

მერი ტაბატაძე