სამეგრელოში „გემო ფესტი“ ჩატარდება - რა კრიტერიუმებით შეირჩევა ფესტივალის მონაწილე

სამეგრელოში გემო ფესტის ჩატარება იგეგმება, - ამის შესახებ ირკვევა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ტენდერიდან.

სატენდერო დოკუმენტების თანახმად, გასტრონომიული ფესტივალი 7-8 სექტემბერს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარედ ან ბოტანიკურ ბაღში უნდა ჩატარდეს.

„ფესტივალის მიზანია მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში გასტრო ტურიზმის განვითარებას, ქართული სამზარეულოს გამრავალფეროვნებას, ახალი გემოების აღმოჩენას, რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარებას, ქართული სთრითფუდის შექმნას და ბაზარზე დამკვიდრებას. პროექტის ფარგლებში შეირჩა ოჯახები/ობიექტები და მიმდინარეობს მათი მომზადება ფესტივალისთვის“, - აღნიშნულია დოკუმენტებში.

ირკვევა, რომ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე მონაწილე, რომლებიც გადამზადდებიან და „სტუმრებს შესთავაზებენ გასთრითფუდებულ მეგრულ კერძებს“.

მონაწილეთა შესარჩევად განისაზღვრა რამდენიმე პირობა, კერძოდ:

  • მონაწილე უნდა იყოს ადგილობრივი მაცხოვრებელი (სამეგრელო) და უნდა მოამზადოს მეგრული კერძები;
  • მომზადებული კერძი არ არის აუცილებელი იყოს ძველი და ტრადიციული, შესაძლებელია მათი შექმნილი ახალი კერძით წარდგნენ მომხმარებლის წინაშე, მაგრამ მთავარი ინგრედიენტები უნდა იყოს მეგრული;
  • თუ ტრადიციული კერძის მომზადებას გადაწყვეტენ, ის უნდა იყოს იშვიათი და საზოგადოებისთვის უცნობი;
  • აუცილებელი პირობაა, რომ მონაწილემ ფესტივალის შემდეგაც გააგრძელოს ტურისტების მასპინძლობა;
  • პროექტში მიღებული გამოცდილების შესაბამისად შეუძლიათ განავითარონ თავიანთი წამოწყება და ბიზნესი;
  • მონაწილეების მოძიებაში ჩართული იყო DMO სამეგრელო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

„ადგილზე მოეწყობა კვების სივრცე, გრილის ზონა, სამეწარმეო და აგრო მარკეტი, საბავშვო სივრცე და ფოტო ზონები. დღისით გაიმართება სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის. მთელი დღის განმავლობაში კი დაუკრავენ DJ-ები და ორივე საღამო დასრულდება კონცერტით“, - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტში.

ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვისთვის წინადადებების მიღება 18 აგვისტოს დაიწყება და 23 აგვისტოს დასრულდება. სავარაუდო ღირებულება 488 847 ლარია.

მერი ტაბატაძე