სოფელ ახალდაბაში ელექტროგადამცემი ხაზი აღადგინეს

კომპანია "თელასმა" სოფელ ახალდაბაში სტიქიით დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.

"თელასის" ინფორმაციით, ხაზი დღეს 15 საათსა და 45 წუთზე ჩაირთო. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და სს "თელასის" ტექნიკური დირექტორი ვახტანგ ქინქლაძე ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. კომპანიამ განახორციელა გადამცემი ხაზის ათი თხუთმეტმეტრიანი საყრდენი ბოძის მონტაჟის, დამიწების კონტურების მოწყობის, ტრავერსების, იზოლატორების და საყრდენებზე საჰაერო ხაზის მონტაჟის, ქვესადგურის ლამისა და ქვიშისგან გაწმენდის სამუშაოები.

სტიქიით დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენამდე სოფლის 134 აბონენტის ელექტრომომარაგებას კომპანია დიზელ-გენერატორის მეშვეობით ახორციელებდა, რომელიც საწვავთან ერთად "თელასმა" სტიქიური უბედურების ზონაში ჩაიტანა.

მეწყერმა, რომელიც 13 ივნისს გვიან საღამოს ჩამოწვა, იმ ელექტროგადამცემი ხაზის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი დააზიანა, რომელიც ახალდაბის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს.