გასულ კვირას მედიატურით მთიან აჭარას ვესტუმრეთ, ჩვენი ერთ-ერთი მეგზური გიგლა ანთაძე აღმოჩნდა, ახალგაზრდა კაცი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთიდან. გარდა იმისა, რომ ლამის ნახევარი აჭარა შემოგვატარა, გულითადად გვიმასპინძლა და ბევრს გვესაუბრა აჭარულ ყოფაზე. თავისი მხარე გიგლას უზომოდ უყვარს და ქალაქში გადმოსვლა არასდროს უფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ სოფლად არცთუ სახარბიელო პირობებში უწევს ცხოვრება, იქაურობას არც თვითონ და არც მისი ოჯახი არ ტოვებენ. გოდერძის უღელტეხილიდან რიყეთი 9 კილომეტრშია. როგორც ჩვენი მასპინძელი გვეუბნება, მათ სოფელში აჭარისწყალი იღებს სათავეს.
გიგლა ანთაძე:
- ჩვენთან ბევრი რიყის ქვაა, რომელსაც მოსახლეობა საყოფაცხოვრებო მიზნით იყენებდა. სოფლის სახელიც აქედან წარმოიშვა. ჩემი წინაპარი რიყეთში დაიბადა და მეც. სამწუხაროა, რომ ყოველ წელიწადს მოსახლეობა თანდათან მცირდება.
მდინარე სოფელს ორ ნაწილად ყოფს, ამიტომ არსებობს გაღმა და გამოღმა რიყეთი. გაღმა დიდი რიყეთია, რომელშიც ადრეულ წლებში ჩვენები ცხოვრობდნენ. მერე ცენტრალური გზა რომ გაიყვანეს, აქეთ გადმოვედით, ნათესავების ნაწილი გაღმა დარჩა... რაკი გაღმა მხარე ცოტა მოშორებითაა, ზამთარში მოსახლეობა ბათუმში მიდის, ჩვენ აქ ვრჩებით... ისე, აქაც ბევრი უბანია დაცლილი, ორ უბანში კი მხოლოდ სახლებია დარჩენილი. ჩვენ ვცდილობთ არ წავიდეთ, დავრჩეთ და აქაურობის მკაცრ პირობებს ფეხი ავუწყოთ.
- და თქვენს ფუძეს, კერას ამაგრებთ...
- ოჯახში ექვსი კაცი ვართ - დედა, მამა, ჩემი მეუღლე და ჩვენი ორი შვილი. ბავშვები სკოლაში აქ დადიან. დედა და მეუღლე მასწავლებლები არიან. სკოლაში 45 მოსწავლეა, ჩვენი სოფლიდანაც დადიან და დიდი რიყეთიდანაც მოდიან, რადგან იქ მხოლოდ 9 კლასია, აქ კი - 12. მოსწავლეების სიმცირის გამო 2-3 კლასი ერთადაა გაერთიანებული. ზოგ კლასში ორი მოსწავლეა...