ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შემავალ წმინდა გიორგის ტაძარს, სამრეკლოს, საეპისკოპოსო სახლს, ასევე, კომპლექსში შემავალ სამუზეუმო და სამეურნეო ნაგებობებს, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, სამუშაოების შესასრულებლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების უფლება მიეცა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სამუშაოების ღირებულება 2.3 მილიონი ლარი იქნება. სააგენტოსთვის აღნიშნული თანხის გამოყოფა კი მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 ივნისს ძლიერი ქარის შედეგად, ალავერდის მონასტრის სახურავი და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.