ბათუმის ხელოვნური კუნძულზე გზშ-ს პროცედურა შეჩერებულია - ამის შესახებ გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უკვე მიიღო. სააგენტოს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა შპს „ტერმინალი 1“-ის წერილს და წარმოდგენილ დოკუმენტაციებს, რომელთა მიხედვითაც შპს „ტერმინალ 1“-ს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიიჩნევს კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში.
ცნობისათვის, „ტერმინალი1“ ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარედ ნავთობტერმინალს ამუშავებს, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ კი, ამ ტერმინალის მოპირდაპირე მხარეს ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე „ტერმინალი 1“-მა სამთავრობო უწყებებს არაერთი განცხადებით მიმართა. კომპანიაში ამბობენ, რომ ხელოვნური კუნძულის მშენებლობა საფრთხეს უქმნის ნავიგაციას.
„ტერმინალ 1“-ს დაუშვებლად მიაჩნია განიხილებოდეს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტი იმ პარამეტრებში, რომელიც დღეის მდგომარეობითაა წარმოდგენილი. აბსურდულია ნავთობტანკერის დგომის და გადატვირთვის ტერიტორიაზე, სადაც არის გაფრქვევის ადგილი, მომეტებული საფრთხის ზონა, სადაც ყველა მოქმედება გაწერილია ნავსადგურის წესებით/ინსტრუქციებით და რეგულირდება უსაფრთხოების და უშიშროების გეგმით, მოხდეს მრავალფუნქციური ტურისტული ზონის მოწყობა. შპს “ტერმინალი 1“ წარმოადგენს განსაკუთრებული დანიშნულების საწარმოო ობიექტს, ტერმინალის საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული მომეტებული რისკებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე, თითოეული ჩვენი ქმედება დარეგულირებულია ნავსადგურის წესებითა და ინსტრუქციებით“, - აცხადებს კომპანია.
ამასთან, „ტერმინალ 1“ წერს, რომ „ნავმისადგომის და ხომალდების შემოსვლის მარშრუტის მიმართულებით, გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, გადაადგილდებიან ადამიანები, უახლოვდებიან გადატვირთვის ადგილს, სადაც ტელეფონის უბრალოდ შეტანაც კი ფეთქებადსაშიშია, რომ აღარ ვისაუბროთ ღია ტერიტორიიდან საბოტაჟის შესაძლებლობაზე.“
„ტერმინალ1“ აცხადებს, რომ 2022 წელს გასცეს რეკომენდაცია ტერმინალის საზღვრებთან იმ უსაფრთხო მანძილთან დაკავშირებით, რომლის კუნძულის მიერ გადმოლახვის შემთხვევაში საფრთხე შეექმნებოდა ნავიგაციის უსაფრთხოებას. „ეს წერტილი დღეის მდგომარეობით გადმოლახვის საფრთხის ზონაშია“, - წერს კომპანია.
ამასთან, „ტერმინალ1“ სახელმწიფო უწყებებს წერს, რომ მათი შეშფოთება ეყრდნობა მრავალწლიან გამოცდილებას და საერთაშორისო საპროექტო კომპანია „ანკორ ინჟინერინგ“-ის შეფასებას.
კომპანიამ სამინისტროებს და სააგენტოს ასევე გადაუგზავნა „ანკორ ინჟინერინგ“-ის წინასწარი შეფასების ქართულად ნათარგმნი ვერსია. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კომპლექსის მშენებლობის შემთხვევაში ტერიტორიის შექმნის და ნავმისადგომის აკვატორიასთან მოსვლისას შპს „ტერმინალ1“ წააწყდება შემდეგ სირთულეებს:
სწორედ წარმოდგენილი დოკუმენტაციებიდან გამომდინარე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურის შეჩერებასთან დაკავშირებით.
„ზემოაღნიშნულ წერილებში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის შესაბამის უწყებებთან კომპეტენციის ფარგლებში შეთანხმების შესახებ) წარმოდგენამდე სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაში.
შეგახსენებთ, პროექტი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმის ზღვისპირის სივრცეში, „ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. ამჟამად მიმდინარეობს წყალში მიწის მოწყობის სამუშაოები, რის დასრულებასაც რამდენიმე წელი დასჭირდება. ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 5 ჰექტარამდე მიწის ფართობი. მასზე ინფრასტრუქტურისა და ნაგებობების მშენებლობას, გენერალური გეგმის მიხედვით, კიდევ დამატებითი დრო დასჭირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტზე „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის საინვესტიციო ხელშეკრულება 2021 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა.