სტიქიამ ტურისტული სექტორიც დააზარალა

"13 ივნისის შემდეგ ბევრმა ტურისტმა ჩამოსვლა გადაიფიქრა, იკლო მოთხოვნამ შიდა ტურებზეც"

13 ივნისს მოვარდნილმა წყალდიდობამ ადამიანების დაღუპვით გამოწვეულ უდიდეს ტკივილთან ერთად ჩვენს ქვეყანას დიდი მატერიალური ზარალიც მოუტანა: დაზიანდა გზები, დედაქალაქის ინფრასტრუქტურა, დაინგრა რამდენიმე საწარმო და იქ დასაქმებული ადამიანები სამუშაოს გარეშე დარჩნენ... არსებობს დარგები, რომლებსაც ამ კატასტროფამ ირიბი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. მათ შორის ერთ-ერთი ტურიზმია. როგორც ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, ამ ტრაგედიის შემდეგ ტურისტების ნაწილმა თბილისში ჩამოსვლა გადაიფიქრა, ან სამომავლოდ გადადო.

ტურისტული კომპანია "გუდთრეველის" შიდა ტურების მენეჯერმა, ირაკლი ჩაფიჩაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ 13 ივნისის შემდეგ პერიოდში ძალიან იკლო მოთხოვნამ შიდა ტურებზეც: "რა თქმა უნდა, თბილისში არსებული ფორსმაჟორული სიტუაციის გამო ჩვენც მნიშვნელოვანი ზარალი ვნახეთ იმიტომ, რომ ტურისტებმა თავიანთი ჯავშნები გააუქმეს. თბილისი ტურისტებისთვის იგივეა, რაც პარიზი - საფრანგეთში წამსვლელთათვის, თქვენ რომ ჩახვიდეთ საფრანგეთში და პარიზი ვერ ნახოთ, ან იტალიას ესტუმროთ და რომი, ან ვენეცია ვერ მოინახულოთ, კმაყოფილი დარჩებით? - დაახლოებით ასე ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის სტუმრებიც, ამიტომ, თბილისის აეროპორტში ჩამომსვლელთა რაოდენობა რომ შეადაროთ ქუთაისის, ან ბათუმის აეროპორტში ჩამომსვლელთა რაოდენობას, ძალიან დიდ სხვაობას დაინახავთ. ამასთანავე, ევროპელი ტურისტები უკიდურესად განსხვავდებიან ქართველებისაგან: ქართველები ბილეთებს რომ დაჯავშნიან, რამდენიმე დღეში, ან ერთ კვირაში უკვე დასასვენებლად მიდიან, ევროპაში კი, ასე არ ხდება. იქ რამდენიმე თვით ადრე გეგმავენ დასასვენებლად წასვლას, იციან როდის ექნებათ შვებულება, როდის და სად უნდა წავიდნენ. ქართველმა ტურისტმა კი, ხშირად ისიც არ იცის, შვებულებას როდის მისცემენ და ყველაფერს უეცრად წყვეტს".

ჩაფიჩაძის თქმით, ამავე დროს, შემცირდა საქართველოდან უცხოეთში გასული ტურისტების რაოდენობაც. "ისედაც, ბოლო თვეებში ძალიან იკლო ტურისტების ნაკადმა, რაც ლარის კურსის დაცემამ გამოიწვია: ადრე სტანდარტული ტური თუ ღირდა 300 დოლარის ექვივალენტი ლარში ანუ 500 ლარი, ახლა 300 დოლარი უკვე 700 ლარია, შესაბამისად, საზღვარგარეთის კურორტებზე დასვენებაც გაძვირდა. ამიტომ, წელს ალბათ დიდი მოთხოვნა იქნება ქობულეთზე, ბათუმზე და საქართველოს მთის კურორტებზე. არც ის არის გამორიცხული, რომ კურსის ასეთი ცვლილების გამო ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დასასვენებლად ვერ წავიდეს. ეს არ იქნება მოულოდნელი იმიტომ, რომ საქართველოს კურორტებზე დასვენებაც ძალიან გაძვირდა. სასტუმროებს კვების ხარჯები, კომუნალური გადასახადები და ყველაფერი გაუძვირდათ, შესაბამისად, ფასებიც გაზარდეს".

ირაკლი ჩაფიჩაძის შეფასებით, ტურისტულ სექტორს ისედაც ბევრი პრობლემა ჰქონდა და ამ პრობლემებს სტიქიაც დაემატა:

"ჩვენს კურორტებზე ხშირად ინფრასტრუქტურა და სველი წერტილებიც კი არ არის მოწესრიგებული, რაც ბევრ პრობლემას გვიქმნის. ვიზებთან დაკავშირებულმა პრობლემებმაც ხელი შეგვიშალა, ამიტომ, ბევრმა უცხოელმა გადადო საქართველოში სტუმრობა მომდევნო წლისთვის, ასეთი ტურისტი მომავალ წელს ან ჩამოვა და ან - არა. სწორედ ამიტომ საქართველოში დაბალი დონის ტურისტების შემოდინების ტენდენცია წამოვიდა - უმეტესად გვსტუმრობენ ვიზიტორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში სავაჭროდ შემოდიან. ზამთარში ასე გადმოდიოდნენ გუდაურში ოსეთიდან ვაჭრები, გადმოჰქონდათ რუსული პროდუქცია, ჰყიდდნენ და თავიანთ სახლებში ბრუნდებოდნენ, მაგრამ ასეთი ხალხი ტურისტებად ვერ ჩაითვლება. საქართველოში კი, ასეთი ტრადიციაა დამკვიდრებული - ვინც საზღვარს გადმოკვეთს, ყველას ტურისტად მიიჩნევენ. საბედნიეროდ, ჩვენი კომპანია ამ ბაზარზე უკვე დამკვიდრებულია და საფრთხე არ ემუქრება, კრიზისი უფრო მცირე კომპანიებს შეეხება, რომლებიც საქმიანობას ახლა იწყებენ, ან მთლიანად ზაფხულის სეზონზე არიან დამოკიდებული".

კომპანია "ლაქი ტურის" გაყიდვების მენეჯერი თინათინ კედია კი ამბობს, რომ მათ კომპანიას სტიქიის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი არ განუცდია. მისი თქმით, კომპანია ძირითადად ტურისტების საქართველოდან გაყვანაზე მუშაობს. "ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ჯგუფი უნდა გვესტუმროს მოსკოვიდან და ეს ტური არ გაუქმებულა. თუმცა სხვა კომპანიები, რომლებთანაც კონტაქტი გვაქვს, ამბობენ, რომ მათმა კლიენტებმა ჯავშნები გააუქმეს", - აღნიშნავს თინათინ კედია.

სხვებთან შედარებით იმედიანად არის განწყობილი კომპანია "დისქავერი ჯორჯიას" ფინანსური დირექტორი გიორგი თევდორაშვილი. "მართალია, მომხდარმა უბედურებამ მარტო ტურიზმი კი არა, ყველა სფერო დააზარალა, მაგრამ საგანგაშო არაფერია. რასაკვირველია, ტურისტების უმეტესობა სტიქიური უბედურების ზონას თავს არიდებს, მაგრამ არის კატეგორია, რომელსაც ექსტრიმი იზიდავს და პირიქით, ასეთ ადგილებს ეტანება. ასეთ ხალხს მე პირადად ვიცნობ. სწორედ ამიტომ, მთელმა საქართველომ ნახა, როგორ ეხმარებოდნენ უცხოელი ტურისტები მოხალისეებს. სხვათა შორის, ჩვენი კლიენტებიც დაუზარებლად გვეხმარებოდნენ გაწმენდით სამუშაოებში. საბედნიეროდ, ჩვენს კომპანიას ძალიან ბევრი რეგიონული ტური აქვს, ამიტომ, თბილისში მომხდარ კატასტროფას ამ ტურებისთვის ხელი არ შეუშლია. მართალია, ძირითადი დატვირთვა ყოველთვის თბილისზე მოდის, მაგრამ რეგიონული ტურებიც გვეხმარება. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ სტიქიის შედეგად რაღაც განსაკუთრებული ზარალი ვნახეთ. კრიზისის საშიშროებაც წარმოიქმნა, რამდენიმე ჯავშანიც გაუქმდა, მაგრამ ჩვენი კომპანია მაინც შეუფერხებლად მუშაობს. ყველაფერი ვიღონეთ, რომ ძირითადი დატვირთვა რეგიონულ ტურებზე გადაგვეტანა და ჩვენი მომხმარებელი დაგვერწმუნებინა, რომ მათთვის თბილისში ჩამოსვლაც საშიშროებას არ წარმოადგენდა", - გვითხრა კომპანია "დისქავერი ჯორჯიას" ფინანსურმა დირექტორმა.

თევდორაშვილის თქმით, ჩვენს ქვეყანაში სულ მალე მნიშვნელოვანი სპორტული და კულტურული ღონისძიებები უნდა გაიმართოს, რაც სიტუაციის გაუმჯობესებას ნიშნავს. "წინ უეფა-ს სუპერლიგის ფინალი და ოლიმპიადა გველის, რაც საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის. იმედია, მომავალი ღონისძიებები ტურისტულ სექტორსაც წაადგება და საქართველოსაც სოლიდურ შემოსავალს მოუტანს. იმ დონის ღონისძიებები გვაქვს წინ, რომ ჩემი აზრით, ყველაფერს ეშველება, თუმცა ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო, რომ დედაქალაქის სტუმრებს ყველაფერი მოწესრიგებული დახვდეთ. იმედი გვაქვს, რომ ვიზების საკითხიც მოგვარდება, ამის გამო უკვე გვქონდა სერიოზული მსჯელობა. ჩვენ, ჩვენდა თავად ვარწმუნებთ კლიენტურას, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება და ალბათ ამაში სახელმწიფოც დაგვეხმარება. ჩვენი კომპანია და საერთოდ, ტურისტული ბიზნესი კი შეეცდება, რომ საქართველოს სტუმრებს მაღალი დონის მომსახურება შესთავაზოს და აქ გატარებული დღეები მათთვის დაუვიწყარი დარჩეს", - აღნიშნა გიორგი თევდორაშვილმა.

ხათუნა ჩიგოგიძე