"დედაქალაქისთვის მიწოდებული სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა"

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, რომ დედაქალაქისთვის მიწოდებული სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ, დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია თბილისის ზოგიერთ უბანში სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ, კერძოდ, ვაკის რაიონში - მცხეთის ქუჩასა და მთაწმინდის რაიონში - შანიძის ქუჩაზე. მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში, კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა, ორივე ქუჩაზე აიღეს წყლის სინჯები და არც ერთ შემთხვევაში სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი არ დადასტურდა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" განმარტავენ, რომ მოსახლეობისთვის მიწოდებულ სასმელ წყალს არ აქვს არანაირი კავშირი მდინარე ვერეს წყალთან, რადგან დედაქალაქი სასმელი წყლით არაგვის ხეობიდან მარაგდება. სასმელი წყალი მრავალჯერად დამუშავება-ფილტრაციას გადის და 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში კონტროლდება. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ლაბორატორიის სპეციალისტები დღემდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და თბილისის მასშტაბით წყლის სინჯებს მუდმივად იღებენ. წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კვლევაში მონაწილეობას იღებს სურსათის ეროვნული სააგენტო და ჩართულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც. ამასთან, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", დამატებითი პრევენციის მიზნით, დედაქალაქში სასმელი წყლის ორმაგ დაქლორვასაც ახორციელებს", - აცხადებენ კომპანიაში.

წყლის ხარისხის თემას სოციალურ ქსელში "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კომუნიკაციებისა და კორპორატიული საკითხების დირექტორი ეკა ბერიძეც ეხმიანება. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმაც" და მერიამაც გაავრცელეს არაერთი განცხადება, რომ მდინარე ვერეში მოწყობილ დროებით კოლექტორს არანაირი შეხება არ ჰქონდა მოხალისეებთან, რომლებიც ხეობაში მუშაობდნენ, ასევე ფაქტია, რომ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა მოწამვლის ან რაიმე სხვა ზიანის... წინა დღეებში მე პირადად გავავრცელე ინფორმაცია დროებით კოლექტორის მოწყობის შესახებ... რომ არა ასეთი დროებითი გადაწყვეტილება, დაბინძურებული წყლები მართლა ზიანს მიაყენებდა მოხალისეებს და სწორედ ესაა მთავარი პოზიტივი კომპანიის და ქალაქის სამსახურების გადაწყვეტილების", - აღნიშნავს ეკა ბერიძე.