„მთავარი გამოწვევა არატრადიციულ ბაზრებზე ცნობადობის ნაკლებობაა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თამთა ყველაიძემ ქართული ღვინის საექსპორტო გამოწვევებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ქართული ღვინის ექსპორტის ძირითადი გამოწვევა წლების განმავლობაში იყო არატრადიციულ ბაზრებზე ცნობადობის ნაკლებობა, ამ მიმართულებით გატარდა ღონისძიებები და ამჟამად პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია.
„მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ არატრადიციულ ბაზრებზე, ეს შეიძლება იყოს აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვები, ცნობადობის ნაკლებობაა. წლების განმავლობაში მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ გაგვეცნო საქართველო, ზოგადად საქართველო სად არის და გაგვეგებინებინა, რომ საქართველოში ვაწარმოებთ ღვინოს. ჩვენი მარკეტინგული კამპანია, მთლიანად მიმართული იყო იმ კუთხით, რომ ბაზარზე არსებული პროფესიონალების, იმპორტიორების, სომელიეებისა და ღვინის მაგისტრებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია,“ - განაცხადა ყველაიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ბოლო 2-3 წელია ღვინის პოპულარიზაციის სტრატეგია მთლიანად შეიცვალა, იქიდან გამომდინარე, რომ გამოიკვეთა მოცემულობა, როცა პროფესიონალებს აქვთ ცოდნა ქართული ღვინის შესახებ, თუმცა ნაკლებია ინფორმაცია მომხმარებლებისთვის. ყველაიძის თქმით, ამჟამად სააგენტოს სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია მომხმარებლებზე.
„ახლა გადავდივართ უკვე მას-მარკეტინგზე, რათა რაც შეიძლება მეტად მივიდეთ მომხმარებლამდე. ვენახში ყურძნის მოყვანიდან, ბოთლში ღვინის ჩამოსხმისა და ექსპორტის მთელი ჯაჭვი მთავრდება ბოლოს მომხმარებლით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მომხმარებელი, რომელმაც უნდა შეიძინოს თაროდან ღვინო. თუ მომხმარებელს არ ეცოდინება, რომ ვარსებობთ, მთელი ჯაჭვის სამუშაოს აზრი ეკარგება.
შემოდგომიდან ვიწყებთ კამპანიას ამერიკაში, რომელიც იქნება მომხმარებელზე გათვლილი. უფრო ვფოკუსირდებით არა ზოგად გზავნილებზე, არამედ კონკრეტულზე, რათა მომხმარებელს მივაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტულ ჯიშზე, რომელიც არის ღვინის სამშობლოდან, მაგალითად, ამერიკასა და ბრიტანეთში საფერავი გვაქვს ასეთი“, - განაცხადა თამთა ყველაიძემ.