დღეს, 12:00 საათიდან „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებული გაფიცულების ნაწილი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ თავად გაავრცელეს.
შეგახსენებთ, რომ შიმშილობის დაწყება გაფიცულმა პირებმა ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში დააანონსეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, დაიწყებენ უვადო შიმშილობას.
“ევოლუშენს” არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი პროტესტის სხვადასხვა ფორმატი გამოიყენოს დასაქმებულების დასაპირისპირებლად. სწორედ ამიტომ ვცვლით ფორმატს და გადავდივართ შიმშილობაზე,”- აცხადებდნენ გაფიცულები.
შეგახსენებთ, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები პროტესტის ნიშნად 2024 წლის 12 ივლისიდან გაიფიცნენ. გაფიცვაში მონაწილეები “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯერებს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას მოითხოვენ.
„ევოლუშენ ჯორჯიას” განცხადებით, თუ კომპანიის ირგვლივ არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა, რათა შეზღუდონ წარმომადგენლობა საქართველოში.