ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო კვლევამ „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი" პერსპექტიულად და ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით განხორციელებადად მიიჩნია.
უწყების ცნობით, აღნიშნული კვლევა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ CESI მოამზადა.
მათივე განმარტებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აღნიშნული პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობების და საუკეთესო გზების გამოვლენის მიზნით მომზადდა.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.
კვლევის ფარგლებში განისაზღვრა კაბელის ოპტიმალური შესაძლებლობები, განხორციელდა პროექტის მშენებლობის ღირებულების შეფასება და ეკონომიკური ანალიზი. ასევე დადგინდა კაბელის სახმელეთო და საზღვაო ნაწილების წინასწარი მარშრუტი, შემუშავდა პროექტის განხორციელების გეგმის და შესყიდვების სტრატეგია.
პროექტის მარშრუტისათვის ასევე მოხდა ბუნებრივი გარემოსა და სოციალური საკითხების შესწავლა, საქართველოსა და რუმინეთისთვის მომზადდა გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების სკრინინგის და სკოპინგის ანგარიშები. ასევე, შემუშავდა ზღვის ფსკერის გეოტექნიკური, გეოფიზიკური, ეკოლოგიური და არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად საჭირო სამუშაოთა აღწერილობა და მომზადდა სატენდერო ტექნიკური დავალების დოკუმენტი.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას 2022 წლიდან ხორციელდებოდა. ასევე მომზადდება გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და ზღვის ფსკერის კვლევები, რომელთა განხორციელება 2025-2026 წლებშია დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. შეთანხმების ფარგლებში უკვე შედგა რამდენიმე მინისტერიალი, სადაც განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხი და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მონაწილე ქვეყნების მიერ ერთობლივი შვილობილი საწარმოს დაფუძნების შესახებ, რომლის საშუალებითაც გაგრძელდება აღნიშნული პროექტის განვითარება.
ამ პროექტის განვითარებით საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი სახელმწიფო. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს დამატებით „ახალი ევროპულ დანიშნულებას" მისცემს და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.