დღის განმავლობაში საშუალოდ იზომება და რეგისტრირდება 3500-4000 მიწის ნაკვეთი - ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისათვის, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აზომილია 1 250 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი.
„მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა). რეფორმის ფარგლებში საამზომველო სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით 42 მუნიციპალიტეტში დასრულებულია.
2022 წლიდან დღემდე აზომილია 1 250 000 - ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 850 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
პროექტით სარგებლობა ყველა მოქალაქისთვის არის სრულიად უფასო - როგორც მიწის აზომვის, ისე რეგისტრაციის პროცესი,“- აღნიშნულია რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა საქართველოში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო. რეფორმის დასრულების ვადად 2025 წლის 1-ლი იანვარია განსაზღვრული.