„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა.

როგორც გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, ისინი იძულებულები გახდნენ, პროტესტის ამ მეთოდისთვის მიემართათ, რადგან კომპანიიდან მოლაპარაკებებზე მზაობა არ ჩანს.

მათივე თქმით, „ევოლუშენ ჯორჯიას“ ადმინისტრაცია, ყველანაირად ცდილობს, კომპანიაში არსებული პრობლემები გაფიცულ თანამშრომლებს დააბრალონ.

„დღეს გაფიცვის 33-ე დღეა და გაფიცულებმა შიმშილი დავიწყეთ. ამ დღეების განმავლობაში, ხშირად მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ შიმშილობა არ დაგვეწყო და ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მიგვეყენებინა. ამგვარი შინაარსის გზავნილები დასაქმებულებისგანაც და მენეჯმენტის გარკვეული წარმომადგენლებისგანაც მოდიოდა. ვეთანხმები მათ, რომ ეს კომპანია ჯანმრთელობის დაზიანებად არ ღირს. ჩვენ ამას ვაკეთებთ მათთვის, რომლებიც აქ მუშაობენ. პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია, დაბალი შრომის სტანდარტია, რომელიც თავისით არ მოგვარდება. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, თუნდაც ჩვენი ჯანმრთელობის ფასად. ამ დღეებში კომპანიამ ვერ შეძლო და გაფიცულები ვერ შეგვაშინა, დაგვშალა, ვერ დაგვღალა. ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანია ცდილობდა დასაქმებულების ჩვენთან დაპირისპირებას.

ის პრობლემები, რაც კომპანიაში არსებობს, ცდილობენ, რომ ჩვენ დაგვაბრალონ. 1-ელ აგვისტოს გააკეთეს განცხადება, რომ ქვეყნიდან გადიოდნენ და ბაზარს ტოვებდნენ, ამით ხალხის გაღიზიანება სცადეს, თითქოს ეს გაფიცულების ბრალი იყო. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, რომ არსად წამსვლელები არ არიან და დღეს კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს.

მოლაპარაკებებზე კომპანიისგან მზაობა არ არის და მოგვიწია რადიკალურო ზომებისთვის მიგვემართა. კომპანია ცდილობს, გაფიცულები შიგნით მომუშავე ხალხთან დაგვაპირისპიროს. დღეს 14:00 საათზე მენეჯმენტი კონტრაქციას გამართავს, რომელიც გაფიცულების „გაშავებას“ ემსახურება”, - განაცხადა მახარე პატაშურმა.