„უფასოდ გათხოვებთ“ – ტაქსის ლიცენზია გაიაფდა

დედაქალაქში A კატეგორიის ლიცენზიის ყიდვა-გაყიდვა და გაქირავების სერვისისთვის ინტერნეტ პლატფორმაზე, როგორც განცხადებების რაოდენობა, ისე ფასები შემცირებულია.

განცხადებების მიხედვით, ტაქსის ლიცენზიის გასაყიდი ფასი მაქსიმუმ 1500 ლარია, ეს მაშინ როდესაც, შარშან გაზაფხულისთვის, 15 000 ლარზეც კი ადიოდა.

თუმცა, აღნიშნულ პლატფორმაზე შეხვდებით ისეთ განცხადებებსაც, რომლის მიხედვითაც, მსურველს ტაქსის ლიცენზიას ათხოვებენ - „უფასოდ გათხოვებთ“.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ლი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია მხოლოდ მასზე გაიცემა, ვინც 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას. შედეგად, A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდა. ასევე, შეიქმნა A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობა შესაძლებელია.

„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, კონკრეტულად, რა ღირს ლიცენზიების შესყიდვა და გაქირავება.

licenzia.ge-ს პლატფორმაზე, ტაქსის ლიცენზიის მინიმალური გასაყიდი ფასი 250 ლარია (პლატფორმის ამოქმედებისას 700 ლარი იყო), მაქსიმალური კი, 1500 ლარს აღწევს.

რაც შეეხება გაქირავებას, აქ ფასები გაქირავების ვადებზეა დამოკიდებული და დღეში 20 ლარიდან, ხოლო თვეში 50 ლარიდან იწყება.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ვებგვერდზე გასაყიდი ლიცენზიების რაოდენობა 15 ერთეულია, ხოლო გასაქირავებელი 48.

ცნობისათვის, A კატეგორია მოიცავს ქალაქში მოძრავ თეთრი ფერის ტაქსებს, რომელთაც აქვთ სპეციალური მანიშნებელი – „ტაქსი თბილისი“.

ნინი ქეთელაური