„DRG სისტემა პრობლემურია, ბავშვთა რეანიმაციები გაძლებაზე არიან და ბევრ მათგანს დახურვაც ემუქრება“

„DRG სისტემაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ პრობლემურია და არა მარტო სამშობიაროებისთვის. საუბარია იმაზე, რომ გაძლებაზე არიან ბავშვთა რეანიმაციები რეალურად და ძალიან ბევრ მათგანს დახურვაც ემუქრება. ეს უბრალოდ დროის ამბავია“, - ამის შესახებ ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარემ სალომე ლოლუამ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალი და კლინიკების მეპატრონეები დიდი ხანია აღნიშნულ სისტემაში ცვლილებებს ელიან.

„სამედიცინო მომსახურების დაფინანსების DRG მოდელის ამუშავების შემდეგ არის საუბარი რომ ცვლილებები იგეგმება. ჩვენ მოლოდინში ვართ და არა მარტო სამედიცინო პერსონალი, არამედ დამსაქმებლებიც, კლინიკების მეპატრონეებიც მოლოდინში არიან, რომ რაღაც შეიცვლება. იმიტომ, რომ რეალურად სხვა განყოფილებების ხარჯზე ხდება სამშობიაროების და ბავშვთა რეანიმაციების ეკონომიკურად შენახვა.

ამიტომ, დიდიხანია ველოდებით ცვლილებებს და ვნახოთ როგორი იქნება გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა სალომე ლოლუამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მიხედვით დაფინანსების მექანიზმი საქართველოში 2022 წლის ნოემბრიდან მოქმედებს.

DRG მოდელის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ უწევს და მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს (0-დან 30%-მდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად).

ნათია ზარიძე