საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამი კილომეტრის მანძილზე, მომსახურების კომპლექსის განთავსებასა და ოპერირების უფლების მოპოვებისთვის ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

საავტომობილო გზების დეპარტმენტის ინფორმაციით,  ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მსურველს (როგორც საქართველოში, ისე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს) 2015 წლის 24 ივნისიდან 1 ივლისის 12:00 საათამდე, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობისათვის აუცილებელი ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტაციის გაცნობა შეუძლია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.mrdi.gov.ge), საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე (www.georoad.ge), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.procurement.gov.ge). ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაცია გასაცნობად, მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატებს გადაეცემათ.

ამავე პერიოდში, მოხდება განაცხადების მიღება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მარცხენა მიმართულებით (სამი კილომეტრის მანძილზე) მომსახურების კომპლექსის განთავსებასა და ოპერირების უფლების მოპოვებისათვის ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მისაღებად. 2015 წლის 1 ივლისს, 12:00 საათზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში (მისამართი: ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი №12) კანდიდატთა დასწრებით ჩატარდება ინტერესთა გამოხატვა. კანდიდატთა დასწრება სავალდებულოა.

ინტერესთა გამოხატვის ფორმით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მარცხენა მიმართულებით მომსახურების კომპლექსის განთავსებასა და ოპერირებაზე უფლების გამცემი არის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მისამართი: ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი №12).

ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული მოიპოვებს უფლებას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მარცხენა მიმართულებით მომსახურების კომპლექსის განთავსებასა და ოპერირებაზე.