„ბორჯომის საკურორტო მიმართულება წარსულის ჩრდილია“ - რა უნდა გაკეთდეს კურორტის განვითარებისთვის

„სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ბორჯომის გენერალური და განაშენიანების გეგმების ხედვა მიმდინარე წლის ივნისში წარადგინა, ამჟამად მუშავდება კონცეფცია და განიხილება ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც ქალაქის განვითარებისთვის უნდა გადაიდგას.

ხედვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბორჯომის კურორტის განვითარებაა. „ბიზნესპრესნიუსთან“ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ურბანისტი ანდრო ქორთუა საუბრობს, გზებზე, რომლის საშუალებითაც საკურორტო იდენტობა უნდა გაძლიერდეს.

„ბორჯომი ყოველთვის იყო საკურორტო ქალაქი, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს უფრო ჩრდილია იმ წარსულის, რაც ჰქონდა მას. ხედვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ბორჯომს საკურორტო იდენტობა გაუძლიერდეს. შემუშავდა სტრატეგიული მიზნები, რომელზეც აგებულია სამომავლო საკურორტო რესურსების უკეთ ათვისება“, - დასძინა მან.

ბორჯომის ხედვის მიხედვით, გათვალისწინებულია ძველი შენობა-ნაგებობების ფუნქციური დატვირთვა, მაგალითად, ყოფილი სასტუმრო „თბილისით“ „ჰილტონია“ დაინტერესებული.

„ქალაქში არის ნაგებობები, სადაც შესაძლებელია დაინტერესებული მხარეების შესვლა. ძველ სასტუმრო „თბილისის“ შენობაში აპირებს შესვლას „ჰილტონი“. ასევე ვიცით, რომ გარკვეული მაღალი კლასის სასტუმროები აპირებენ შემოსვლას ქალაქში პარკის მიმდებარე ტერიტორიებთან არსებული შენობების ხარჯზე.

გარდა ამისა, არის ძველი სანატორიუმების ტერიტორიები, რომელთა ათვისებაც მიზანშეწონილი იქნება სამომავლოდ, რათა ქალაქმა რესურსად მოიტოვოს და გაფართოება არ დაიწყოს უკვე ნაშენი გარემოს მიღმა“, - აღნიშნავს ანდრო ქორთუა.

როგორც ურბანისტი აღნიშნავს, ქალაქის პოტენციალის ათვისებისთვის მნიშვნელოვანია იერსახისა და იდენტობის შენარჩუნება.

„განვითარებებით არ უნდა იქნას დამახინჯებული იერსახე. განვითარებების ფონზე, თუ ბორჯომმა დაკარგა იდენტობა, ბუნებრივი ლანდშაფტი, კულტურული მემკვიდრეობები, ის ვეღარ იქნება მიმზიდველი დამსვენებლებისა თუ ინვესტორებისთვის. მათთვის მიმზიდველია ისეთი გარემო, სადაც იერსახე კარგად იქნება წარმოჩენილი. ამის მაგალითია „რუმსი“, „ფაბრიკის“ ტერიტორია“, - ამბობს ქორთუა.

მანვე აღნიშნა, რომ ქალაქის იერსახის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ქალაქის განაშენიანება. ურბანისტის თქმით, ახალი ნაგებობების მშენებლობის ნაცვლად, პირველ რიგში, ქალაქმა არსებული ძველი შენობები უნდა აითვისოს. ამასთანავე, ბორჯომისთვისაც გამოწვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობების საკითხი.

„განაშენიანების მხრივ, ქალაქი მზადაა, რომ ის მდგომარეობა არ მიიღოს, რაც ხდება ბაკურიანში. რაც შეეხება უნებართვო მშენებლობებს, დეტალები გაწერილია კანონმდებლობაში და ეს პროცესები მერიას მთლად ბოლომდე ვერ მიჰყავს ხოლმე“, - განაცხადა ანდრო ქორთუამ.

იხილეთ ასევე: „მნიშვნელოვანი ზეგავლენა შესაძლოა, ჰქონდეს უნებართვო მშენებლობებს ბორჯომის იერსახის შენარჩუნებაზე“

მერი ტაბატაძე