BETEK-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, BETEK-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, მოქალაქე დავით ნამთალაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს შეიძინა რამდენიმე ათასი ერთეული BETEK-ის სასაქონლო ნიშნის მქონე ცარიელი ტომარა და ქ. ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საამქროში მის მიერ შეძენილი ტომრების გამოყენებით კუსტარულად დაამზადა BETEK-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობის წებო-ცემენტი. ამის შემდეგ, ბრალდებულმა მოახდინა ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაცია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.