„დასანანია, რომ ასეთ რეკრეაციულ ზონებშიც გვხვდება საყოფაცხოვრებო და ინერტული ნარჩენი“- კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა კუს ტბის მიმდებარე ფერდობები და ველობილიკები დაასუფთავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

„დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ.

„ძალიან დასანანია, რომ ასეთ რეკრეაციულ ზონებშიც გვხვდება საყოფაცხოვრებო და ინერტული ნარჩენი. დედაქალაქის მოსახლეობას და კერძო კომპანიებს მოვუწოდებთ, არ დატოვონ ნარჩენი ასეთ სივრცეებში და მოათავსონ მხოლოდ ახლომდებარე კონტეინერებში. არ არის ამაში რაიმე სირთულე, უბრალოდ ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად ვაზიანებთ ასე გარემოს. გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, ბუნებას და გარემოს, სადაც ვცხოვრობთ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

მსგავსი დასუფთავების აქციები თბილისის მასშტაბით ათივე რაიონში ეტაპობრივად იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.