რა თანხა დაიხარჯება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზებისთვის

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზებისთვის 900 ათასი ლარი დაიხარჯება. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ უკვე გამოსცა.

განკარგულების თანახმად, თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრს ფესტივალის ორგანიზებისთვის საჭირო მომსახურებისა და საქონლის შესაძენად გამარტივებული შესყიდვის უფლება მიეცა.

„მთავრობის განკარგულებით თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრს მიეცეს უფლება, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მოწყობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვით, 900 000 ლარი ფარგლებში თბილისის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან“, - ვკითხულობთ განკარგულებაში.

ცნობისთვის, მე-16 თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება და 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მერი ტაბატაძე