დედაქალაქის განაშენიანების პრობლემა განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურდა - ამის შესახებ ურბანისტმა ცირა ელისაშვილმა, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ურბანისტი აღნიშნავს, არასწორი განაშენიანება არაერთ მიმართულებაზე ახდენს უარყოფით გავლენას, მათ შორის, სატრანსპორტო ნაკადებსა და რეკრეაციული სივრცეების განაშენიანებაზე.
„თბილისის განაშენიანების პრობლემატიკა არ არის რამდენიმე წლის პრობლემა, მაგრამ თუ ხელისუფლების მმართველობის თვალსაზრისით დავყოფთ, ბოლო 12 წლის მანძილზე, ძალიან დიდი მასშტაბის და კაპიტალის პროექტები შემოვიდა, რაც შეიძლება მანამდე ასეთი მასშტაბით არ იყო.
რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად ისახება ზოგადად ქალაქზე - იქნება ეს სატრანსპორტო ნაკადების გადატვირთვა, მაღალი ინტენსივობის ნაგებობების გაჩენა, პოტენციურად რეკრეაციული არეალის არასწორი გამოყენება და ა.შ“, - აღნიშნა მან.
ურბანისტის თქმით, ამ ეტაპზე დედაქალაქში რამდენიმე პრობლემური სამშენებლო პროექტია, მაგალითად, „ლაგუნა ვერესა“, რესტორან „არაგვის“ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა და სხვები.
„თუ მიმდინარე რამდენიმე პროექტს გავიხსენებთ, რომელიც ემუქრება ქალაქს, ეს რა თქმა უნდა, არის „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ დაგეგმილი განაშენიანება, რესტორან „არაგვის“ ტერიტორიაზე დაგეგმილი განაშენიანება, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ადგილზე მიმდინარე მშენებლობა, რომელიც, ალბათ, მალე დაიწყება და „საქანელას“ ტერიტორია, ჯერჯერობით მას პროექტის სახე არ აქვს, მაგრამ პროცესს უარყოფითი შეფასება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან,“ - დასძინა ელისაშვილმა.
ურბანისტის შეფასებით, პრობლემურია ქალაქის ისტორიული ნაწილის განაშენიანებაც, რა დროსაც დაცულ ზონებში უხეშად ხდება ჩარევა.
„ასევე არის პრობლემები ქალაქის ისტორიულ ნაწილთან მიმართებაში, იმიტომ რომ თბილისის ისტორიული ნაწილი არის ძეგლის ოფიციალური სახელწოდება. აქ გვაქვს სამი ზონა: სახელმწიფო დაცვის ზონა, განაშენიანების ზონა, ლანდშაფტის დაცვის ზონა. ყველა ამ ზონაში, სამწუხაროდ, უხეში ჩარევები არსებობს, მათ შორის „პანორამა თბილისის“ სახით.
გამოსავალი დევს თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაში, იქ სადაც საუბარია იმაზე, რომ ხუთი ცენტრი უნდა შეიქმნას მიზიდულობის, რომელიც განზიდავს ცენტრალურ ნაწილში მიმავალ ნაკადებს. ეს ცენტრები ახალ მიზიდულობის ადგილებს გააჩენენ. უბრალოდ, ამ გეგმას, რომელიც დამტკიცებულია, უნდა გადახედოს ვიღაცამ და წაიკითხოს.
რაც შეეხება გამოსავალს, გადაწყვეტილებას იღებს მერიის არქიტექტურის სამსახური, რომელიც იღებს პოლიტიკურ და არა ურბანულ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ცირა ელისაშვილმა.