საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით ტოპ-3 ქვეყნის ჩამონათვალში ცვლილებაა. თუ წლების განმავლობაში რუსეთი „პირველობას“ არავის უთმობდა, 2024 წლის ივლისში ჩრდილოეთ მეზობელმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ივლისში რუსეთიდან 45.465 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ეს კი 3 მლნ დოლარზე მეტია წინა თვესთან შედარებით და 28.5 მლნ დოლარით ნაკლებია 2023 წლის ივლისთან შედარებით. 2023 წლის ივლისში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 73.988 მლნ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის ივნისში კი 48.841 მლნ დოლარს.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ივლისში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში აშშ-დან გადმოირიცხა - 50.336 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა იტალია - 48.881 მლნ დოლარის ფულადი გზავნილებით, მესამეზე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთი - 45.465 მლნ დოლარით.
რაც შეეხება ათეულის დანარჩენ ქვეყნებს, ასე გამოიყურება:
სებ-ის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.1 მლნ აშშ დოლარი (815.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.8%-ით (5.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 96.0% მოდიოდა.