2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.2 მილიარდ ლარს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2024 ივლისში თითქმის 1 წელი გავიდა 3 პორტფელის გაშვებიდან და ამ პერიოდში აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.
„2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 12.6% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 11.5% და 9.9% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ივლისის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი - 52%, დაბალანსებულში - 32%, ხოლო კონსერვატიულში - 18% იყო,“- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელების განაწილება, ქვეყნების მიხედვით, ასეთია:
„ივლისში გლობალური აქციების ბაზრებზე საკმაოდ მაღალი მერყეობა დაფიქსირდა, განსაკუთრებით კი თვის მეორე ნახევარში. მიუხედავად ამისა, ივლისი აქციების ბაზრებისთვის მაინც დადებითად დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პორტფელის მომგებიანობაზე ივლისში ლარის 3.2%-იანმა გამყარებამ ნეგატიური გავლენა იქონია (ლარის გამყარება ამცირებს დოლარში განხორციელებული ინვესტიციების ღირებულებას). ივლისი განსაკუთრებით საინტერესო თვე აღმოჩნდა აშშ-ის აქციების ბაზრებისთვის, სადაც ინვესტორების სენტიმენტების ცვლილების ფონზე მნიშვნელოვანი როტაცია მოხდა. კერძოდ, "Magnificent 7", რომელიც აშშ-ის უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს აერთიანებს და რომელიც 2024 წელს აქციების ბაზრების ზრდის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო, ივლისში შემცირდა (-2.7% თ/თ). ინვესტორებმა აქტივები მცირე კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებისკენ მიმართეს (Russell 2000-ის ინდექსი, რომელიც მცირე ზომის კომპანიებს აერთიანებს, ივლისში 10.2%-ით გაიზარდა),“- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.