„მძღოლებს სხვა ქვეყანაში გადაადგილებისას პრობლემას შეუქმნის“ - ექსპერტი მინების დაბურვაზე

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის, გელა კვაშილავას განცხადებით, შსს-ს თანხმობის გარეშე წინა საქარე მინების 60%-ის დაბურვის დაშვება უსაფრთხოების კუთხით პრობლემას წარმოადგენს.

როგორც კვაშილავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობის პროცესში ჩართული ყველა მონაწილე ერთმანეთს კარგად ხედავდეს, მათ შორის მძღოლი და ქვეითი, მინების დაბურვა კი ამ პროცესს აფერხებს.

„არსებობს გაეროსა და ევროკავშირის სტანდარტები, თუ რა პროცენტულობით შეიძლება დაბურვა, ეს საჭიროა, რადგან მნიშვნელოვანია საგზაო მოძრაობისას, რომ საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა ერთმანეთი კარგად დაინახონ. გაეროს 43-ე სტანდარტი ამბობს, რომ წინა მინების შემთხვევაში, სხივის შეღწევადობა არ უნდა იყოს 70%-ზე ნაკლები, ჩვენთან თუ წინა მინების 60%-ის დაბურვა შესაძლებელი გახდება, გამოდის, რომ 40% რჩება სხივის შეღწევადობისთვის და ეს სტანდარტში არ ჯდება“, - აღნიშნავს კვაშილავა.

მისი თქმით, გარდა უსაფრთხოებისა, 60%-მდე მინების დაბურვის შემთხვევაში მძღოლებს, რომლებიც ავტომობილით სხვა ქვეყანაში გადაადგილებას დააპირებენ, პრობლემები შეექმნებათ. კერძოდ, გაეროს სტანდარტის მიხედვით, ავტომობილში სინათლის სხივის შეღწევადობა 70%-ზე ნაკლები არ შეიძლება რომ იყო. იმ შემთხვევაში, თუ წინა მინის 60% დაბურული იქნება, სხივის შეღწევადობა 40% იქნება. ასეთ შემთხვევაში, მძღოლები სხვა ქვეყანაში შესაძლოა, რომ დაჯარიმდნენ, ან მინებზე დაბურვის მოხსნა მოუწიოთ.

„ასეთი დაბურული მინები მძღოლებს სხვა ქვეყანაში გადაადგილებისას პრობლემას შეუქმნის. იქ ჯარიმები და მკაცრი კონტროლია ამაზე. ერთი, რომ ეს უსაფრთხოების კუთხითაც პრობლემურია. ხოლო მეორე საკითხია ის, რომ თვითონ მძღოლებსაც შესაძლოა სხვა ქვეყანაში გადაადგილებისას პრობლემები შეექმნას. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს არამარტო ჯარიმა, მოხსნასაც კი ითხოვენ. 60%-მდე თუ დაამუქებ, სხივის შეღწევადობა 40% იქნება და გაერო ამბობს, რომ რეგულარული სხივის შეღწევადობა არ უნდა იყოს 70%-ზე ნაკლები“, - განაცხადა გელა კვაშილავამ.

შეგახსენებთ, 3 ივლისიდან წინა გვერდითა მინების დამუქების პროცენტულობა შეიცვალა. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, შსს-ს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 40%-ის ნაცვლად, 60%-მდე დაამუქონ. ახალი წესის თანახმად, წინა გვერდითა მინების დამუქება დასაშვებია 60%-ით, უკანა გვერდითა მინების - 75%-ით, ხოლო წინა საქარე მინის - 30%-ით.

იხილეთ ასევე: „მინების დაბურვაზე მოთხოვნა 500%-ით გაიზარდა“ – „ზოგან 400 ლარსაც კი ითხოვენ“

წინა საქარე მინები არ უნდა იყოს ისე ჩაბურული, რომ მძღოლი არ ჩანდეს - გაიზრდება ავარიების რისკი - ექსპერტი

მერი ტაბატაძე