„მოთხოვნა საკმაოდ მაღალია“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „გრინ ჰოტელ აბასთუმანში“ განუცხადეს. სასტუმროს წარმომადგენლების ცნობით, მათი დამსვენებლების უდიდესი ნაწილი ადგილობრივია.
მიუხედავად ამისა, წელს სასტუმრომ ფრანგ, გერმანელ და პოლონელ ტურისტებსაც უმასპინძლა. აგვისტოში „გრინ ჰოტელი“ თითქმის სრულად დატვირთულია.
„ჩვენს სასტუმროში ძირითადად ქართველები არიან და მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. უცხოელები იშვიათად მოგვმართავენ. წელს იყვნენ მაგალითად, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. დატვირთულობა თითქმის 100%-ია ახლა.
აგვისტოს ბოლომდე ველოდებით, რომ სრულად ვიქნებით დატვირთული და 30%-იან დატვირთულობას ველოდებით სექტემბრისთვის“, - ამბობენ „გრინ ჰოტელ აბასთუმანში“.
ზაფხულის მიმდინარე სეზონს დადებითად აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კოტეჯ „გალილეოს“ მმართველი პარტნიორი ლაშა ჭაღიაშვილიც. როგორც მან აღნიშნა, დამსვენებელთა უდიდესი ნაწილი ქართველია.
„სეზონი მშვენიერია აბასთუმანში. შერეულად არიან დამსვენებლები, არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი ტურისტები. თუმცა ძირითადად მაინც ქართველები ჭარბობენ“, - განაცხადა ლაშა ჭაღიაშვილმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში 2.687 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტების რაოდენობა 6.3%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, შარშან იმავე პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 2.529 მილიონს აჭარბებდა.
რაც შეეხება შემოსავლებს, 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ ტურიზმიდან 1.9 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, რაც 5.2%-ით (94 მლნ აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.