უმრავლესობა მსოფლიო ბანკს და სსფ-ს არ შეუშინდა

საპარლამენტო უმრავლესობა პოზიციას არ იცვლის და ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხის განხილვას საპარლამენტო კომიტეტებში დღე-დღეზე გეგმავს. გუშინ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები შეხვდნენ. კომენტარისაგან ორივე მხარემ თავი შეიკავა, თუმცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, რომ სებ-ს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური აუცილებლად უნდა გამოეყოს. გამოდის, უცხოელებმა კანონმდებლების გადარწმუნება ვერ შეძლეს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებელ სტრუქტურად გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ახალი სააგენტო დამოუკიდებელი ორგანო იქნება და მისი 7-წევრიანი საბჭოს დაკომპლექტებაში პრეზიდენტი აღარ იქნება ჩართული.

სააგენტოს საბჭოს 2-2 წევრის (გარდა ეროვნული ბანკის პერეზიდენტისა) წარდგენის უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სააგენტოს საბჭოს წევრებს, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, სააგენტოს საბჭოს ზოგიერთი წევრი აირჩიოს 7 წელზე ნაკლები ვადით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომერციული ბანკებისა და სხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა. გუშინ კი კანონპროექტის ავტორებს, თამაზ მეჭიაურს და ნოდარ ებანოიძეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ჰენრი კერალი შეხვდნენ. პარლამენტი სადიკოვმაც და კერალმაც უკომენტაროდ დატოვეს.

შეხვედრის დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურიც: "ჩვენი საუბარი გაცნობითი ხასიათის იყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, მათ არ შევხვედრივარ, მანამდე კი არ ვიცნობდი. ელემენტარულად მოხდა გაცნობა", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. კითხვაზე, იყო თუ არა მსჯელობის საგანი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკანონმდებლო პროექტი, მეჭიაურმა განაცხადა, რომ ესეც ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელზეც იმსჯელეს. "მოდი, დეტალებისგან თავი შევიკავოთ. შეხვედრა კონფიდენციალური გახლდათ. შემიძლია ვთქვა, რომ უფრო პოზიტიურია ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება იმასთან შედარებით, ვიდრე დაიწყო", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

რაც შეეცება სებ-იდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას, მეჭიაურის თქმით, ამაზე პარლამენტის პოზიცია არ შეცვლილა და აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების კომიტეტებში მოსმენა უკვე ამ კვირაში გაიმართება. "ჩვენ საკუთარ პოზიციაზე ვრჩებით, სებ-ს უნდა გამოეყოს ზედამხედველობის სამსახური. მიუხედავად კრიტიკისა, მე ამ დრომდე ვერავისგან მოვისმინე არგუმენტი, თუ რატომ არ შეიძლება ამ სამსახურმა საქართველოში დამოუკიდებლად იმუშაოს", - განუცხადა "რეზონანსს" თამაზ მეჭიაურმა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან და მის მოადგილე ნოდარ ებანოიძესთან შეხვედრის შემდეგ, აზიმ სადიკოვი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელს, დეპუტატ დავით ონოფრიშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ონოფრიშვილმა განაცხადა, ძირითადად, არც სავალუტო ფონდი, არც ევრობანკი და არც მსოფლიო ბანკი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლიებებს მხარს არ უჭერს.

"ვერც ერთ მთავრობას ვერ დააძალებენ. თუ უნდათ, რომ შეცდომა დაუშვან, ეს უკვე ხელისუფლების არასწორი ნაბიჯი იქნება. გვახსოვს, წინა ხელისუფლებამ იგივე გააკეთა და ორი წლის შემდეგ პოზიცია შეცვალეს, რადგან არასწორი იყო ის, რაც განახორციელეს. ახლაც იგივე ხდება. ძნელად აღსაქმელია, რომ წარმოდგენილმა საკანონმდებლო ცვლილებამ რაღაც რადიკალურად შეცვალოს და ბანკებზე მონიტორინგი გააუმჯობესოს. პირიქით, პირველი რა პრობლემაც შეიქმნება, იქნება ის, რომ ეროვნული ბანკი დასუსტდება. ნებისმიერ ცვლილებას - ეხება ეს გაყოფას თუ შეერთებას - სჭირდება დრო, რომ ახალ გარემოს მიესადაგოს. მეორე საკითხია, ეს იმუშავებს კარგად თუ ცუდად", - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

მისი აზრით, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა ხელოვნურად შექმნილი საკითხია და პიროვნული დამოკიდებულების გამო ქმნიან ისეთ უწყებას და ასუსტებენ ყველაზე ძლიერ ინსტიტუტს საქართველოში. "საუბარი იმაზე, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სხვაგვარად არის მოწყობილი ეს სისტემა (ზოგან ზედამხედველობის სამსახური არ არის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში), არანაირ ლოგიკურ ახსნას არ ეფუძნება. ცხადია, დღეს ხელისუფლება ეძებს პასუხისმგებელ პირს და, რა თქმა უნდა, ეს აღმოჩნდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რასაკვირველია, სებ-ს გარკვეული შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ის, რომ ამ ინსტიტუტს დაბრალდეს ლარის კურსის გაუფასურება, ეს არაობიექტურია და უსაფუძვლოა. ეროვნული ბანკის შესუსტებას ძალიან ნეგატიურად აღიქვამენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე ინვესტორები, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად აისახება და წამგებიან სიტუაციაში აღმოვჩნდებით", - განუცხადა "რეზონანსს" დავით ონოფრიშვილმა.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"