კოსმეტიკური ბრენდის Avon-ის დიდი ბრიტანეთის, ლათინური ამერიკისა და ევროპის განყოფილებამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. The Guardian -ის ინფორმაციით, ბრენდის მფლობელმა, საკუთარ მომხმარებლებთან მასიური დავის ფონზე, 1 მილიარდ დოლარზე მეტი ვალი დააგროვა.
მოსარჩელეების თქმით, კომპანიამ მომხმარებლები არ გააფრთხილა, რომ მის მიერ წარმოებულმა ტალკმა, აზბესტის ნარჩენი კონცენტრაციის გამო, შესაძლოა, კიბოს იშვიათი სახეობების განვითარებას შეუწყოს ხელი.
თუმცა, მოპასუხე მხარე - Avon ამტკიცებს, რომ მისი პროდუქცია ზიანის მომტანი არ არის. მაგრამ კომპანია ვეღარ ახერხებს სასამართლო და სხვა დავალიანების ხარჯების დაფარვას.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანიის ვალდებულებების მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც 78 მილიონი დოლარი 300 მოსარჩელის კომპენსაციას ეკუთვნის.
გაკოტრების პროცესის დასრულების შემდეგ, ბრენდის აღნიშნული განყოფილების აქტივების შეძენას, Avon Products-ის დედა კომპანია, ბრაზილიური Natura Holding-ი გეგმავს.
ცოტა ხნის წინ მსგავს სკანდალში გაეხვა კიდევ ერთი გიგანტი Johnson & Johnson. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კომპანია მოსარჩელეებთან მორიგების ხელშეკრულების დასადებად, 6 მილიარდ დოლარზე მეტს დახარჯავს.
რაც შეეხება აზბესტის კონცენტრაციას - ის შეიძლება იყოს ტალკში მინერალებთან გეოლოგიური სიახლოვის გამო, თუმცა პროდუქტების მწარმოებლები დაჟინებით ადასტურებენ თავიანთი პროდუქციის სისუფთავეს.
ცნობისათვის, Avon-ი მსოფლიო ბაზარზე 1886 წელს გამოჩნდა, როდესაც მისმა დამფუძნებელმა დევიდ მაკკონელიმ გაყიდვაში პირველი პროდუქტი - პარფიუმერული ნაკრები Little Dot Perfume Set ჩაუშვა. დღესდღეობით AVON მსოფლიოს ერთ-ერთი გიგანტური ბრაზილიური კორპორაციის Natura & Co-ს წევრია. Avon-ი ცნობილია თავისი გაყიდვების სისტემით. იგი ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ გარკვეული საკომისიოს სანაცვლოდ გაყიდონ Avon-ის პროდუქცია ნებისმიერი გზით. პროდუქციაში კი შედის კოსმეტიკა, სუნამოები და კრემები.
Avon-ი წარმოდგენილია ქართულ ბაზარზეც, სადაც 2010 წლიდან ოპერირებს.