წალკის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით პროექტები მიმდინარეობს

ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფლების: ხანდო, რეხა, ავრანლო, გუმბათისა და არწივანის წყალმომარაგების პროექტები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან, წალკის მუნიციპალიტეტის მერთან, ილია საბაძესთან და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან ერთად მოინახულა.

„სამუშაოების დასრულების შემდგომ ჯამში 18 კილომეტრი წყლის სისტემა მოეწყობა და სულ მალე, 3 300 ბენეფიციარი ხარისხიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას.

პროექტები როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.