აშშ-იმ საქართველოსთვის შეიძინა უმაღლესი ტექნოლოგიის აპარატურა, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მსუბუქი მანქანების შემოწმებას ახდენს - ამის დამონტაჟება უნდა მოხდეს ამერიკული კომპანიის მიერ, თუმცა „ქართული ოცნების” ანტიევროპული პოლიტიკის გამო ეს დახმარებაც შეჩერებულია, როგორც სხვა დანარჩენი,“- ამის შესახებ "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნულ აპარატურას შეუძლია საზღვარზე გააკონტროლოს ტვირთი, რომ ქვეყნის შიგნით სხვადასხვა კონტრაბანდული ნივთი არ შემოვიდეს.
„აშშ-მა “ქართული ოცნების” ანტიამერიკული, ანტიდასავლური, ანტიევროატლანტიკური პოლიტიკის გამო გააჩერა დახმარებების ნაწილი, რაც წარმოადგენს საქართველოსთან დახმარების სრულმასშტაბიან და სიღრმისეული გადახედვის ერთ-ერთ კომპონენტს. შეჩერებული დახმარება შეეხო მათ შორის იმ პროგრამას, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოში. ეს არის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრების უსაფრთხოების პროგრამა. აშშ-მა საქართველოსთვის შეიძინა უმაღლესი ტექნოლოგიის აპარატურა, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მსუბუქი მანქანების შემოწმებას ახდენს. ეს არის ე.წ. იქსრეი ტიპის სკანირების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსუბუქი ავტომანქანების შემოწმება, რომ ამ ავტომანქანების საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოვიდეს უკანონოდ იარაღი, ნარკოტიკი, კონტრაბანდა და ასე შემდეგ. ასევე ამ აპარატურას შეუძლია შეამოწმოს ის ტვირთი, რომელიც გადის საქართველოდან რუსეთში და შეუძლია დააფიქსიროს ისეთი ტვირთის არსებობა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე რუსეთისთვის სანქცირებულია. ეს აპარატურა დაახლოებით არის 2.5 მლნ დოლარის ღირებულების. ეს აპარატურა, ჩემი ცნობით, უკვე არის ლარსის საზღვართან. ამის დამონტაჟება უნდა მოხდეს ამერიკული კომპანიის მიერ, თუმცა „ქართული ოცნების” ანტიევროპული პოლიტიკის გამო ეს დახმარებაც შეჩერებულია, როგორც სხვა დანარჩენი”, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.