ვინ არის ქუთაისის საკრებულოს 5 თანამდებობის პირი, რომელმაც ქონებრივი დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ქუთაისის საკრებულოს 2023 წლის საქმიანობა შეისწავლა. ანგარიშის მიხედვით, საკრებულოში ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 19 თანამდებობის პირს აქვს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წელს ქონებრივი დეკლარაცია ხუთმა თანამდებობის პირმა, თეიმურაზ ნადირაძემ, მამუკა რიჟამაძემ, ამირან კოპალეიშვილმა, თეა ჯუღელმა და ზაქრო მამასახლისმა, ხარვეზებით შეავსეს.

„თეიმურაზ ნადირაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 2023 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი შპს “დასავლეთ საქართველოს ნეირორეაბილიტაციის ცენტრი თემიდა-97”-ის 50% წილის მფლობელია, თუმცა საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

მამუკა რიჟამაძე, კომისიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - 2022 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, აზა სულაძე არის შპს პრემიუმ ავტოს დირექტორი და 100% წილის მესაკუთრე.

ამირან კოპალეიშვილი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე - 2023 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ ის არის შპს „DAMI”-ს 33% წილის მფლობელი, თუმცა საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. მან დეკლარაციაში მიანიშნა, რომ კომპანია არ ფუნქციონირებს.

თეა ჯუღელი, კომისიის თავმჯდომარე - 2023 წლის დეკლარაციაში არ ჩაწერა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის: თბილისში მდებარე 68 კვ.მ. მიწა; მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხათწყაროში არსებული 540 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შენობებთან ერთად; ასევე, წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში მის თანასაკუთრებაში არსებული სამი მიწის ნაკვეთი. თუმცა ამ ქონების შესახებ მიუთითა 2024 წლის დეკლარაციაში.

ზაქრო მამასახლისი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე - 2023 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ ის რვა კომპანიის მეწილეა, თუმცა საკუთარი წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია“, - ვკითხულობთ TI-ის ანგარიშში.

მერი ტაბატაძე