„ყივანახველას გავრცელების ფონზე ვირის რძეზე მოთხოვნა 200%-ით გაიზარდა“ - ფერმერი

კომპანია „სახე-დარის“ დამფუძნებლის, თემურ ლომიძის განცხადებით, ყივანახველას ვირუსის გავრცელების ფონზე, ვირის რძეზე მოთხოვნა 200%-ით გაიზარდა.

როგორც ლომიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, თვეში დაახლოებით 300 ლიტრი რძე იყიდება, ფასი კი 80 ლარს შეადგენს.

„მოთხოვნა გაიზარდა 200%-ით. ყივანახველას ვირუსი სახუმარო არ არის: ასეთი რაღაც მე არ მინახავს, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ფოთიდან, თელავიდანაც კი მიგზავნიან ექიმები პაციენტებს. რაც მთავარია, ცნობადობა გაიზარდა, არის საქართველოში რამდენიმე ექიმი, რომელიც აღიარებს ვირის რძის ეფექტს - ყივანახველას ამის მეტი არაფერი შველის“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

მოთხოვნასთან ერთად, გაზრდილია წარმოებაც. მაგალითისთვის, ფერმა დღეში ამ ეტაპზე 15 ლიტრ ვირის რძეს აწარმოებს.

„წარმოებაც გავზარდეთ, თუ წინა წლებში გვქონდა ყოველ მესამე დღეს 5-10 ლიტრი, ახლა გვაქვს 15 ლიტრი ყოველდღიურად. თვეში იყიდება 300 ლიტრი მაინც. 1 ლიტრის ფასი 80 ლარია ახლა.

ხუთი თანამშრომელი მყავს დასაქმებული ფერმაში. მარტო მწყემსს ხელფასს 1300 ლარს ვუხდი. მჭირდება რამდენიმე დამხმარე, ძალიან დიდი გასავალი აქვს, მაგრამ ცხადია, 120-სულიანი ფერმას დიდი შრომა სჭირდება. დასალევი წყალი არ არის ფერმაში, ყოველ დღე ჩავდივარ და ჩაგვაქვს“, - აღნიშნა ლომიძემ.

ამჟამად ლომიძეს ფერმაში 120 სახედარი ჰყავს და სამომავლოდ გეგმავს გაფართოებასაც. თუმცა ამ ეტაპზე საკუთარი მიწის ნაკვეთის არქონის გამო, გაფართოების პროცესი შეფერხებულია.

„ფერმაში ამჟამად 120 სახედარია, გაფართოებას ვაპირებ, მაგრამ ვერ მივაღწიე იმას, რომ საკუთარი საძოვარი ან მიწის ნაკვეთი მქონდეს. ყველაფერს ვქირაობ, ჯერჯერობით, ვერ გამოიძებნა ვერც მთავრობაში, ვერც სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ვერ ქონების მართვაში ერთი ადგილი, რომ იჯარით მაინც ავიღო. რამდენიც მცდელობა მქონდა, იმდენი სხვამ წამართვა“, - განაცხადა თემურ ლომიძემ.

მერი ტაბატაძე