AD Ports Group-მა Tbilisi Dry Port-ის შეძენის პროცესის დასრულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსხვილი არაბული კომპანია AD Ports Group-ი Tbilisi Dry Port-ის 60%-იანი წილის მფლობელი გახდა.
ინფორმაციის თანახმად, პორტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის პროექტში.
„Tbilisi Dry Port განლაგებულია კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის, შუა დერეფნის შუაგულში და ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის შავი ზღვის პორტებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ირკვევა, რომ Tbilisi Dry Port ექსპლუატაციაში 2024 წლის ოქტომბრიდან ჩაეშვება.
AD Ports Group-ის ცნობით, პროექტი სამ ფაზად განხორციელდება და პროცესების დასრულების შემდეგ ობიექტის საწყობი განლაგებული იქნება 100 000 კვ.მ-ზე და 286 ათას TEU საკონტეინერო ტვირთს გაატარებს.
საქართველოს სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს "თბილისი დრაი პორტი" 2021 წელს დაფუძნდა. ამ დროისთვის კომპანიის 75% ფლობს "თბილისი დრაი პორტ ინვესტმენტი", 25% კი "ვილჰელმსენ პორტ სერვისის ჯორჯიას" ეკუთვნის. თავის მხრივ, "თბილისი დრაი პორტ ინვესტმენტში" 80%-ს არაბთა გაერთიანებული საემიროებში რეგისტრირებული აბუ დაბის საპორტო კომპანია ფლობს, 20%-ს - "ინვეკო". რაც შეეხება "ვილჰელმსენ პორტ სერვისის ჯორჯიას", აქ 50%-იანი წილის მფლობელია „ინვეკო“, 50% კი ნორვეგიულ „ვილჰელმსენ პორტ სერვისის ეი.ეს“-ის საკუთრებაშია.