დედაქალაქის მერიის მიერ ნასესხები 18 მილიონი 40-მდე ქუჩის აღდგენას მოხმარდება

დედაქალაქის მერიის მიერ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აღებული სესხი - 18 მილიონი ლარი თბილისში 40-მდე ქუჩის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ნარმანიამ დედაქალაქში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხზე დღეს ისაუბრა.  "უნდა გვქონდეს სამუშაოების მაქსიმალური ტემპი, რათა სექტემბრის შუა რიცხვებისთვის, გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს გზისკენ, თამარაშვილის ქუჩისკენ მოძრაობა აღვადგინოთ, რათა ქალაქში გადაადგილება შესაძლებელი იყოს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, გუშინ დამტკიცდა დედაქალაქის ბიუჯეტი და მერიამ 18 მილიონი ლარი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის სახით აიღო. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდება დედაქალაქში 40-მდე ქუჩის აღდგენის სამუშაოებს. პირველ პრიორიტეტად განისაზღვრა წყნეთი-კოჯრის გზის მოწესრიგება, ვინაიდან გზა ძლიერ არის დაზიანებული.

"მთელი ივლისი-აგვისტო-სექტემბერი მოგვიწევს ძალიან ინტენსიური მუშაობა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებამდე, ვიდრე დედაქალაქი დაიტვირთება, ვიდრე ჩვენი თანამოქალაქეები დაბრუნდებიან არდადეგების შემდეგ თბილისში, გზები მნიშვნელოვნად იყოს მოწესრიგებული და მდგომარეობა გაუმჯობესებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს საჭირო პროცედურებისა და კომპანიების მობილიზება დაავალა.